საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორნების ქსელის - "მაკდონალდსის" მფლობელმა, თემურ ჭყონიამ რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ ამ კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ბოდიშს იხდიდნენ, ცნობილი მომღერლის, ელტონ ჯონის შესახებ ბროშურების გავრცელებისთვის, მასთან შეთანხმებული არ იყო. მისი თქმით, ეს არის კომპანიის „დირექტორის კატასტროფული მოქმედება".

„ჩემთან შეთანხმებული არ იყო. არაფერი საბოდიშო არ არის იმაში, რასაც გლობალური მაკდონალდსი აკეთებს. არც ვიცოდი ამ განცხადების შესახებ, შეხვედრაზე ვიყავი, გული კინაღამ გამისკდა. რა დღეში ჩამაგდეს...

განცხადებაში არც ახსნა არ იყო საჭირო - ვის რას უხსნი, რომ ელტონ ჯონი გენიალურია, ამას უხსნი?!. ეს არ არის მოქალაქეობრივი პოზიცია, ერთ დღეს აკეთებდე ერთს და მეორე დღეს იხდიდე ბოდიშს - არაფერი ბოდიშის მოსახდელი არ არის, უბრალოდ, ზოგს უნდა გაიგოს, რომ პროპაგანდაა...

მე შეურაცხყოფილი ვარ, როგორ გადავიტან ამ თემას, არ ვიცი", - ამბობს ჭყონია.

მანვე აღნიშნა, რომ განცხადება, რომელშიც კომპანია ბოდიშს იხდიდა, მისი მოთხოვნით წაიშალა "ფეისბუკიდან".

დღეს, 16 ივნისს კი კომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ "მენეჯმენტი იზიარებს დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს უხდის საზოგადოებას".

"აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული გამოცემა ლიცენზირებულია, რაც კრძალავს თარგმნისას შინაარსის რაიმე სახით შეცვლას. სწორედ ამ მიზეზით ორიგინალი ვერსიის ქართულად თარგმნისას და რედაქტირებისას, სამწუხაროდ, „მაკდონალდს საქართველოს“ აღმასრულებელი გუნდის შეცდომის შედეგად, ჯეროვნად არ იქნა გათვალისწინებული კონტექსტი და მოხდა შინაარსის პირდაპირ და უხეშად კოპირება", - ეწერა განცხადებაში.

რამდენიმე საათში განცხადების ის ნაწილი, რომლითაც კომპანია ბოდიშს იხდიდა, შეიცვალა, მოგვიანებით კი საერთოდ წაიშალა ტექსტი.

ცნობისათვის, წიგნი, რომელიც Happy Meal-ის მენიუს მოჰყვებოდა, გლობალური მაკდონალდსის კამპანიის ნაწილია და სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ბავშვობის შესახებ ჰყვება. ერთ-ერთი ბოლო გამოშვება მუსიკოსებს, არეტა ფრანკლინსა და ელტონ ჯონს ეხება. "მაკდონალდს საქართველოს" განცხადება კი ამ ბროშურას შეეხებოდა.