ა.წ. 14 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლენს.

ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე.

ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, იგივე Panagia Portaitissa (ბერძ. παναγια πορταιτισσα „კარის მცველი“, „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი“, „პორტაიტისა“) — ღვთისმშობლის უძველესი მართლმადიდებლური ხატი. მდებარეობს საბერძნეთში, ათონის მთაზე არსებულ ივერიის მონასტერში. ათონის მთაზე ხატი 999 წლიდან იმყოფება. ეკლესიის გადმოცემის თანახმად ხატი დაწერილია წმ. ლუკა მახარებლის მიერ. მართლმადიდებელთა მიერ ხატი აღიარებულია, როგორც „სასწაულთმოქმედი“. ივერიის ღვთისმშობლის ხატი მიეკუთვნება ოდიგიტრიას (ბერძნ. Όδηγήτρια - გზის მაჩვენებელი) ოჯახს. ხატზე ღვთისმშობლის სახეს ამჩნევია ნაიარევი. ივერიის ხატი 27 აპრილს გამოჩნდა და დღესასწაული ათონზე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათსაა დადგენილი. ამ დროს წმინდა ხატით ლიტანია იმართება ზღვის სანაპიროზე, სადაც ქართველმა განდეგილმა ბერმა გაბრიელმა გამოაბრძანა იგი და ლიტურღია აღესრულება. ეკლესია ხატის ხსნებას დღესასწაულობს 12 თებერვალს, 31 მარტს, 12 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.