თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით, თბილისის საკრებულოში რაგბის 7-ქალა ეროვნული ნაკრების წევრებისთვის მიღება გაიმართა. 

ქართველ სპორტსმენებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე და საკრებულოს წევრები შეხვდნენ. საკრებულოში გამართულ შეხვედრაში საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა, რაგბის 7-ქალა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე, მწვრთნელები და საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი მამუკა გორგოძე მონაწილეობდნენ.

წელს 7-ქალა რაგბის წევრებმა ელიტის საგზური მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონატი შედგება 3 დივიზიონისაგან.  დიდი ხნის განმავლობაში ქართველი სპორტსმენები თამაშობდნენ ტროფის (მეორე) დივიზიონში და წელს პირველად ისტორიაში  ტროფის დივიზიონის საპრიზო მეორე ადგილის დაკავება შეძლეს, რითაც  მოიპოვეს  უმაღლეს, ელიტარულ, დივიზიონში ასპარეზობის უფლება. ნაკრების მოთამაშე  მანონი საღარაძე 2024 წელს ევროპის 12 გუნდის მოთამაშეთა შორის  საუკეთესო მორაგბე ქალად დასახელდა.

თბილისის საკრებულოში გამართული ღონისძიება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა. 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ 7-ქალა რაგბის ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მიულოცა.

„დღეს საქართველოს რაგბის 7-ქალა ნაკრებს ვმასპინძლობთ. ჩვენმა გოგონებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს და ევროპის ჩემპიონატის მეორე დივიზიონიდან უმაღლეს, ელიტარულ, დივიზიონში გადაინაცვლეს. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ნაკრების მოთამაშემ, მანონი საღარაძემ,  საუკეთესო მორაგბე ქალის წოდება მოიპოვა. ვულოცავ ჩვენს მორაგბე გოგონებს წარმატებას, ვუსურვებ მათ სპორტულ იღბალს და ბევრ გამარჯვებას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის  განცხადებით, სპორტსმენი ქალების თითოეული გამარჯვება დიდი სტიმულია ყველა ქალისთვის.

„სპორტი - ეს არის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, რომელსაც პოზიტიური გავლენა აქვს ადამიანებზე და ხელს უწყობს ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას.  სპორტის განვითარებაში თითოეული ჩვენგანის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ რამხელა ძალა აქვს მხარდაჭერას, გულშემატკივარს, მადლიერებას. სწორედ ეს არის ჩვენი დღევანდელი შეკრების მთავარი მიზანიც, მადლობა გადავუხადოთ ძალიან მაგარ ქალებს, რომლებმაც, მოიპოვეს ელიტის საგზური, ელიტურ დივიზიონში ასპარეზობის უფლება;   ძალიან მნიშვნელოვანია  ასევე, რომ  ნებისმიერი თქვენი  გამარჯვება, ჩვენთვის, ქალებისთვის, არის ძალიან დიდი სტიმული,  შეხსენება, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

რაგბის 7-ქალა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თეონა ჩიტაიშვილმა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს მასპინძლობისთვის და გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ბოლოს სპორტსმენებმა და საკრებულოს წევრებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. საკრებულოს წევრებმა რაგბის 7-ქალა ნაკრების წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

რაგბის 7- ქალა ნაკრების გუნდი საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და 2008 წლიდან ასპარეზობს ევროპის ჩემპიონატზე.