თბილისის საკრებულოში ქართული მწიგნობრობის ისტორიის შესახებ ორდღიანი სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარდა. კონფერენცია, რომელიც 24 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა, ანთიმოზ ივერიელის დაბადებიდან 375 წლის და დავით გურამიშვილის დაბადებიდან 320 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი და ა(ა)იპ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორი ნინო ანჯაფარიძე.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფები ღონისძიებაზე, რომელიც ქართული მწიგნობრობის ისტორიის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება. ქართველმა მწიგნობრებმა და მათმა თანამოაზრეებმა თავიდანვე ჩაუყარეს მტკიცე საფუძველი ჩვენი საგანმანათლებლო კერების გაძლიერებას, ტრადიციების შენარჩუნებასა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრებას. ეს ადამიანები ცოდნასა და განათლებას უზიარებდნენ ახალგაზრდებს და ქმნიდნენ საქართველოს უკეთეს მომავალს.
მივესალმები ყველა მსგავს ინიციატივასა და თანამშრომლობას - დღეს აუცილებელია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი ფასდაუდებელი მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის საკრებულოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის საკრებულოს ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა ჩვენი თანამშრომლობა, მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან საერთო პროექტები განვახორციელეთ. მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისთვის, ჩვენი სტუდენტებისთვის“ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
კონფერენცია დაგვირგვინდა დავით გურამიშვილის "დავითიანის" გადაწერილი წიგნის წარდგენით, რომლის თითოეული ფურცელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვანმა კურსდამთავრებულებმა, თბილისის საკრებულოს წევრებმა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა საკუთარი ხელით შეასრულეს. წიგნს თან ახლავს ილუსტრაციები.
ღონისძიების ფარგლებში ორდღიანი კონფერენციის მომხსენებლებს სიგელები გადაეცათ.









