თბილისის საკრებულოსა და მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის თანამშრომლობა გრძელდება. დღეს დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მსჯავრდადებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და დასაქმების მიზნით მსჯავრდადებულების მიერ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების: აქსესუარების, ნაქარგების, ჩანთების, სამკაულების და ნახატების გამოფენა მოეწყო.
ექსპოზიციაზე გამოფენილი ნივთები საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა და საკრებულოს წევრებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს.
„თბილისის საკრებულოში ძალიან საინტერესო გამოფენა მოეწყო, რომელიც მსჯავრდადებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის და საზოგადოებაში მათ სრულფასოვან წევრებად დაბრუნებისთვის მნიშვნელოვანია. პატიმრის წარმატებულ რეაბილიტაციას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ერთ-ერთია საზოგადოების წევრების მხარდაჭერა“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქცია, ის ნივთები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდადებულების მიერ მზადდება.
მსგავსი ღონისძიებები სხვადასხვა საჯარო უწყებასა და კერძო დაწესებულებაში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, რაც, გარდა მსჯავრდადებულების დასაქმების ხელშეწყობისა, „რე-მარკეტის“ პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს. „რე-მარკეტი“ - რესოციალიზაციის მარკეტი - საქართველოში მსჯავრდადებულთა ხელნაკეთი ნივთების პირველი მაღაზიაა, რომელიც 2022 წლის 1 ივლისს გაიხსნა, მისი სივრცე პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებულ ნამუშევრებს აერთიანებს.





