კონკურსი ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა და საგამოფენოდ 20 საკონკურსო ნამუშევარი შეირჩა.

მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმართა. თამარ ტყეშელაშვილი კონკურსის მონაწილეებს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

„იუსტიციის სამინისტრო არის ის ერთ-ერთი სამაგალითო უწყება, სადაც დასაქმებულ ქალთა რაოდენობა ჭარბობს მამაკაცების რაოდენობას, განსაკუთრებით, მენეჯერულ პოზიციებზე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი თანამშრომელი ქალების უფლებები იყოს დაცული როგორც ოჯახში, ისე სისტემის ფარგლებში, და მთლიანად საზოგადოებაში. ამ გრძელ და გამოწვევებით სავსე გზაზე ჩვენ არაერთი საინფორმაციო თუ საკონსულტაციო შეხვედრა გავმართეთ მიზნობრივ ჯგუფებთან და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები“, – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

კონკურსის გამარჯვებულს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ საჩუქარი გადასცა, სხვა მონაწილეები კი სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

მხატვრული ნამუშევრების კონკურსი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში.