თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაის ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და შანხაის შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს შანხაის ვიცე-მერმა სიე ტუნგმა და ანდრია ბასილაიამ მოაწერეს ხელი.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ქალაქებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის, სპორტის, კულტურის, გამწვანების, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სფეროში.
შანხაის ვიცე-მერთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ქალაქებს შორის თანამშრონლობის გაღრმავების აუცილებლობას.
„თბილისისა და შანხაის დამეგობრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შანხაი სიდიდით მეორე ქალაქია ჩინეთში, სადაც 24 მლნ ადამიანი ცხოვრობს. მისი ეკონომოკა მსოფლიოს ქალაქებს შორის მე-5 ადგილზეა. შანხაის მთლიანი შიდა პროდუქტი 750 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოში ცნობილია ყველაზე
დიდი ტვირთბრუნვის პორტით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ვიზიტის ფარგლებში, თბილისის მერის მოადგილე „შანხაის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმსაც“ დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
აღნიშნულ ფორუმზე მიწვეული იყო 26 ქალაქის დელეგაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის იყვნენ შანხაის, ლივერპულის, ათენის, მარსელის, ლოს ანჯელესის, რიო დე ჟანეიროს და სხვა ქალაქების მერები და ვიცე-მერები.