ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიხეილ კაკაურიძის განცხადება.
"ცოტა დავაგვიანე ამ განცხადების გამოქვეყნება იმ ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე, რომელსაც ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეცნობა და ისმენს საზოგადოება სოციალური ქსელით. მაგრამ ამ დაგვიანებას მიზეზი ჰქონდა: არ მინდოდა ცხელ გულზე უნებლიეთ მნიშვნელოვანი ზიანი მიმეყენებინა ოპოზიციისთვის და რიგი „პოლიტიკოსებისთვის“. როცა იდეალისტი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ხარ, ალბათ ჯობია ამ ეტაპზეც თავის შეკავება გარკვეული დეტალების გასაჯაროებისგან მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის თავის დამაზიანებელი იქნება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ორი წელია რაც დავტოვე, ამის მიზეზი შიდა დემოკრატიის არარსებობა და თავმჯდომარის არჩევნების დროს კანდიდატთა შორის ურთიერთდამაზიანებელი ინტრიგების ხლართვაში
მონაწილეობაზე უარის თქმა იყო. ბევრი ვეცადე შემეჩერებინა, ფაქტობრივად, პარტიის თვითლიკვიდაციის პროცესი. მე, როგორც თბილისში ყველაზე რეიტინგული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მოვუწოდე და განვუმარტე
თავმჯდომარეობის კანდიდატებს პარტიის განვითარების გზების გაცნობით მოეპოვებინათ თანაპარტიელთა მხარდაჭერა, მაგრამ ორივე მათგანი დაბრმავებული იყო ურთიერთზიზღითა და განდიდების მანიით. შედეგიც
შესაბამისი დადგა - თბილისში ენმ-მ 8%-ც ვერ მიიღო.
აგრეთვე ვთავაზობდი მათ „გაეხსნათ“ პარტია: ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეები ადგილობრივი წევრების მიერ ყოფილიყვნენ არჩეულნი და პოლიტსაბჭო მათით დაკომპლექტებულიყო, ხოლო საპარლამენტო
და საკრებულოს სიები დაკომპლექტებულიყო შტაბების მიერ არჩევნებში ნაჩვენები შედეგების შესაბამისად, რათა ლიდერშიპი სათანადოდ გადახალისებულიყო და ახალი სახეებისთვის თვითრეალიზების მარტივი შესაძლებლობა შექმნილიყო, მაგრამ ...
თბილისის საკრებულოში „ლელომ“ შემომთავაზა თანამშრომლობა, ხედავდა რა ჩემს კომპეტენციას, აგრეთვე ამ პარტიამ დააზუსტა ჩემი პოლიტიკური წონა /ავტორიტეტი გლდანის რაიონში. მე მათ „ლელოს“ წევრობაზე უარი ვუთხარი, ვინაიდან უნდა დავრწმუნებულიყავი ამ პარტიის განვითარების მიმართულებების ჩემს შეხედულებებთან თანხვედრაში. ამასთანავე მათ მოიწონეს ჩემი ხედვები შიდა პარტიულ დემოკრატიასა და პარტიის იდენტობისთვის ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მე ვთვლიდი, რომ საჭირო იყო საზოგადოებისთვის ხელისუფლების რეალური ალტერნატივის შეთავაზება კონსტრუქციული ფორმით, კონკრეტული კანონპროექტებისა და მუნიციპალური პროგრამების გაცნობით და თემატური საკითხების წინ წამოწევით. ამ ფორმით შესაძლებელი გახდებოდა კომპეტენტური და საზოგადოებისთვის თუნდაც ადგილობრივად
ცნობადი სახეების შემოდინება, რაც გაზრდიდა პარტიის რეიტინგს. მაგრამ მოხდა ისე, რომ მას შემდეგ ვერცერთი საკითხი ვერ დავძარი პარტიაში.
საპარლამენტო არჩევნებში ვუხელმძღვანელე „ძლიერი საქართველოს“ გლდანის საარჩევნო შტაბს და ცნობადობის გაზრდის ყველა ბერკეტზე უარის თქმის ფონზე ყველაზე მეტჯერ, 3,5-ჯერ, 350%-ით გავზარდეთ საარჩევნო შედეგი.
არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე საკუთარი ხედვები მქონდა (ღიად!):
- არასწორი იყო არჩევნების შეფასება გაყალბების იარლიყით, განსაკუთრებით თბილისის ხსენება ამ კონტექსტში, ვინაიდან ამით შეურაცხვყოფდი მთელ აქტივს და ამომრჩევლებს, რომელთაც უიმედოდ განაწყობდი ყოველი მომდევნო არჩევნების მიმართ (თუ შენთვის უცნობი სპეცოპერაცია ჩაგიტარეს ცხვირწინ და არჩევნების
დღეს ეს ვერც დაინახე და ვერც აღკვეთე...);
- არჩევნების შეფასებისას თვითკრიტიკა უნდა გამომჟღავნებულიყო, განსაკუთრებით რეგიონებში ჩატარებულ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით (ფაქტობრივად, წარმომადგენლების გარეშე დარჩა უმეტესი რეგიონები და არც პოლიტიკოსები ჩასულან იქ წინასაარჩევნო პერიოდში);
- დიდ ქალაქებში გამარჯვებისთვის საჭირო იყო მადლობა გადაგვეხადა ამომრჩევლებისთვის და კვლავაც გამარჯვების იმედი მისცემდა მათ მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებში, რითაც იქ პირველ და გარდამტეხ გამარჯვებას აღნიშნავდა ოპოზიცია;
- ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესის თუნდაც დროებითი შეჩერების და დაკავებულებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფონზე განვითარებული პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, საჭირო იყო ოპოზიციას თუნდაც მინიმალურ საკითხებზე ხელისუფლებასთანშეთანხმებით მიეღო მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში
(პარტიაშიც უმრავლესობა ამ აზრზეა). ,,ოცნების“ მიერ თვითდაზიანებების შემდგომ ოპოზიციის გამარჯვება კიდევ უფრო რეალური იყო;
- პარტიის სტრუქტურის რეფორმა დროულად იყო დასაწყები ნებისმიერი არჩევნებისთვის მზადყოფნისთვის, იქნებოდა ეს რიგგარეშე საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ამისათვის ყრილობა სასწრაფოდ იყო მოსაწვევი.
მისახვედრი გახდა, რომ უმოქმედობა და გადაუწყვეტლობა დიდხანს გაგრძელდებოდა, ამიტომ ვითხოვე უმჯობესი იქნებოდა თანამშრომლობა შეგვეწყვიტა, მაგრამ კვლავ მხოლოდ დაპირებები მივიღე: „შესაბამისი გადაწყვეტილებები მალე იქნებაო!“ სამწუხაროდ, უძრაობის ხანა კვლავ გაგრძელდა და როდესაც კიდე ერთხელ შეიკავეს თავი ჩემი მუნიციპალური პროექტის საზოგადოებისთვის გაცნობისგან. ეს, ფაქტობრივად, ჩვენი თანამშრომლობის დასასრული იყო. პროექტი წარმოადგენდა გლდანის და თბილისის ურბანული გამოწვევების და
ეკონომიკური განვითარების გზებს. ამ პროექტზე მუშაობის დაწყების გადადება დაუშვებელი იყო, ვინაიდან ამ სივრცეში ნაგავსაყრელი დააბრუნეს, რაც ხელის შემშლელ გარემოებასთან ერთად გლდანის მოსახლეობისთვის ზიანის მომტანი იყო.
ვეღარ ვხედავდი პარტნიორ პოლიტიკურ ძალას და დამოუკიდებლად მოქმედება გადავწყვიტე, თუნდაც ადგილობრივ არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურის დაყენების გზით.
განსაკუთრებით დამაზიანებელია პარტიისთვის არჩევნების გამოტოვება, და პარტიებმა მოსალოდნელია გარკვეული შეთანხმებების შედეგად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. შესაძლებელია გარკვეულ ნაწილთან შეთანხმება ვერ შედგეს, მაგრამ არჩევნები მაინც ჩატარდება.
ამ გზაგასაყარის ჟამს მივიღე შეთავაზება დავსწრებოდი საკრებულოს სხდომას (რათა სხდომა ერთი კვირით არ გადადებულიყო), რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის, ვიცე-მერად დანიშვნის თანხმობა იხილებოდა. ვიცოდი რომ ბინძური აჟიოტაჟი გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ დავთანხმდი ჩემ მიერ საკრებულოში
დაყენებული საკითხების, განსაკუთრებით კი გლდანის განვითარების გეგმას განხილვის ფასად, რომელზეც ობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ. გიორგი ტყემალაძემ პირობა აღმითქვა და ეს ჩემთვის საკმარისი იყო მისი დადებითი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე.
საკრებულო არაა ამ ქვეყნის პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი ორგანო, ეჭვქვეშ არ დგას მისი ლეგიტიმაცია, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი საკრებულოში ირიცხება და იღებს გასამრჯელოს, „ქართულ ოცნებას“ კვორუმისთვის საკმარისი 26 საკრებულოს წევრი ჰყავს და ერთი კვირის შემდგომ დაინიშნებოდა თუ მანამდე, ნაწილობრივ ოპოზიციისთვისაც მისაღები, კომუნიკაბელური და დადებითი პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი ღირდა იმად, რა გადაწყვეტილებაც მივიღე გლდანისა და ქალაქის საკეთილდღეოდ. არსებობენ ურწმუნოები, მაგრამ მათი ურწმუნოება იმითაა გამოწვეული, რომ ანგარების მიზნით მათ ცხოვრებაში ნაბიჯი არ გადაუდგამთ და მე ასე ვცხოვრობ მთელი შეგნებული ცხოვრება. მე მომეცა შესაძლებლობა თბილისისთვის და
გლდანისთვის კონკრეტული სიკეთეების გაკეთების და არ გამომეყენებინა არ შეიძლებოდა.
სამწუხაროდ, ამ ვნებათა ღელვის პერიოდშიც არავინ დაინტერესებულა კონკრეტულად ამ პროექტების შინაარსით და მხოლოდ შემოიფარგლებიან კითხვებით: „გჯერათ, რომ შეასრულებენ დანაპირებს?“ დიახ, მჯერა (!) და თუ არ შეასრულებენ, ამით თავიანთ თავს ავნებენ, მაგრამ მე ვცადე ამ სიკეთეების აღსრულება და ხალხის სასიკეთოდ თანამშრომლობა ხელისუფლებასთან არსებული ულტრაპოლარიზაციის დასრულების მიზნით თუნდაც მუნიციპალურ დონეზე.
სხვანაირად მიიღო საზოგადოებამ? დიახ, როგორ უკუღმართადაც მიაწოდეს, ისე მიიღო! ვისაც აინტერესებს კიდევ უფრო ღრმა დეტალები, დამიკავშირდება და არ დავიღლები,- ავუხსნი. დიახ, შესაძლოა ჩემი პოლიტიკური კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშაა ამ ვაკხანალიის ფონზე, მაგრამ პირადი კეთილდღეობა აქამდეც გადადებული მქონდა გვერდზე და ამ შემთხვევაშიც მეორეხარისხოვანია ჩემთვის.
დიახ, 24 წელი ამ ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებას ვემსახურე, ფაქტობრივად, მხოლოდ პარტიული საქმიანობით ვიყავი დაკავებული მეტ-წილად უმუშევრობის ფონზე: მას შევწირე წლები, ოჯახის კეთილდღეობა, ვერ მივეცი შვილებს სათანადო განათლება და ყველაზე ტრაგიკული ისაა(!), რომ ვერ გავაკეთილშობილე ოპოზიციური
სპექტრი.
„ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს ოპოზიცია!“ რა ფორმით გავაგრძელებ საქმიანობას და რაში გამოვიყენებ დაგროვილ ცოდნას, ავტორიტეტს და გამოცდილებას, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ ალტერნატივაც მაქვს - მეტი დრო დავუთმო ოჯახს, ნათესავებს და მეგობრებს, რომლებსაც დავაკლდი ორი
ათეული წელია.
პატივისცემა ყველა ჩემს თანამებრძოლს, მაგრამ მე ვაკეთებ იმას, რისიც მჯერა და ვემიჯნები იმას, რისიც არ მჯერა, რაც არ უნდა ხიბლი იყოს მის მიღმა და ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ბენეფიტები მე შემეძლო
შემერგო/გამომეყენებინა, როგორც ენმ-სთან, ისე ლელოსთან თანამშრომლობით." - ნათქვამია კაკაურიძის განცხადებაში, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს 26-მა წევრმა.
მოგვიანებით "ლელოს" წარმომადგენელმა თბილისის საკრებულოში საბა ბუაძე სოციალურ ქსელში დაწერა: მივიღეთ გადაწყვეტილება, მიხეილ კაკაურიძე გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან - მან დაარღვია ბოიკოტი და დაეხმარა "ქართულ ოცნებას" კვორუმის შექმნაში