საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებულია 2 პირი.

"ბრალდებულებმა, ა.ბ. და ბ.ბ.-მ, 2023 წელს შპს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დღეის მდგომარეობით, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.


ამასთან, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტში უნდა აშენებულიყო ერთი, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში - სამი სკოლა. ამ შემთხვევაშიც, არცერთი სკოლა აშენებული არ არის.


გამოცხადებული ტენდერების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება შეადგენდა 94 444 427 ლარს.
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, დაგეგმეს დარეგისტრირებულიყვნენ კვალიფიციური მიმწოდებლის რეესტრში ე.წ „თეთრ სიაში“, რომელიც მიმწოდებელს ანიჭებს უპირატესობას ისარგებლოს ავანსის მიღების გამარტივებული პროცედურებით. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულებმა ისარგებლეს აღნიშნული შეღავათებით, წარადგინეს მხოლოდ 50%-ანი საბანკო გარანტია, რა გზითაც თაღლითურად დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11 218 380 ლარიდან 9 365 801 ლარს.

თანხის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაუფლებული თანხის ნაწილი, 1 211 000 ლარი, ფიქტიური დანიშნულებით გადარიცხეს ბრალდებულების სხვა კომპანიაზე, საიდანაც თანხები გადანაწილდა სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ პირზე, რითაც მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
გამოძიება მიმდინარეობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების, მათ შორის მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეების გამოვლენისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში სხვა დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციის მიზნით." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.