სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხორცპროდუქტების, კერძოდ ძეხვეულის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესში დაგეგმილი ცვლილებები განიხილა. დისკუსიის ფორმატში მხარეებმა ძეხვეულის არსებული ეტიკეტირების პრაქტიკების გაუმჯობესებასა და მომხარებლისათვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ასევე ბიზნესსექტორის ინტერესების გათვალისწინება. აღნიშნული ცვლილებების მიზანია, მომხმარებლისთვის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების რისკის მინიმუმამდე შემცირება, რაც დაეხმარება მყიდველს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ცვლილებების ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,  დაგეგმილია ძეხვეულის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ კვერნაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის დეპარტამენტის სპეციალისტები ასევე, ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   სურსათის ეროვნული სააგენტოს შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციაა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა უვნებელი სურსათის მიწოდების გზით.