„თბილისის განვითარების ფონდი“ სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაციას იწყებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოები 17 აპრილიდან დაიწყება, ხოლო პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება.

„თბილისის განვითარების ფონდი“ იწყებს ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს - სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაციას. სამუშაოების მიზანი, რომელიც 17 აპრილიდან დაიწყება, დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის  შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენაა.  სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და გამოვლენილია ოთხი გამარჯვებული კომპანია, რომლებიც სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით, დათქმულ ვადებში განახორციელებენ. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, რაც გულისხმობს აღნიშნულ არეალში მიწისქვეშა სისტემებისა და მიწისზედა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას.

„რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია განხორციელდება, რისთვისაც, დაახლოებით, 120 მლნ ლარამდე დაიხარჯება. რეაბილიტაციის აღნიშნული ეტაპი მწვავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, გადახურვის შეცვლას, ხის კონსტრუქციების და ნაკეთობების რესტავრაცია-შენარჩუნებას, შიდა ეზოების კეთილმოწყობას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციას, დეკორატიული ნაჭედი ლითონის ჭიშკრების დამზადებასა და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას გულისხმობს.