საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ . ასევე,ბრალდებულებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი” რეალიზაციის მიზნით დააფასოვეს და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას 75 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს. ასევე ქუთაისსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სამი სხვადასხვა ლოკაციიდან, ბრალდებულების მიერ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით განთავსებული 249 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“ ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.








