სპეციალური პენიტენციური სამსახური კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მსჯავრდებულის მიმართ ბადრაგის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ამიტომ, გარდაცვალების მიზეზად აღნიშნულის დასახელება არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, რომელიც მსჯავრდებულ დ.გ.-ს გარდაცვალებას უკავშირდება.

გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ დ.გ.-ს მიმართ ბადრაგის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ, გარდაცვალების მიზეზად აღნიშნულის დასახელება არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.

მსჯავრდებული დ.გ. პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა 2023 წელს. იგი სასჯელს იხდიდა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მოთავსებული იყო ვიზუალური მეთვალყურეობით აღჭურვილ საკანში და უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დ.გ. გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში”, სადაც ყველანაირი გამოკვლევისა და მკურნალობის ჩატარებაზე განაცხადა უარი და მისივე მოთხოვნით დაბრუნებულ იქნა N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მსჯავრდებული დ.გ. მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით, განმეორებით გადაყვანილ იქნა კლინიკა „ვივამედში”. გატარებული სამედიცინო ღონისძიებების მიუხედავად, დ.გ. კლინიკაში გადაყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ მსჯავრდებული დ.გ. კლინიკაში თითქოს ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს, არის პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის გამოყენებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ცილისწამების პასუხად, პენიტენციური სამსახური მზაობას გამოთქვამს, გარდაცვლილის ოჯახის წევრის თანხმობის შემთხვევაში, გაასაჯაროოს ყველა არსებული დოკუმენტაცია და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით დაფიქსირებული კადრები, რაც გამორიცხავს დ.გ.-ს მიმართ ჩადენილ რაიმე სახის ძალადობას.

საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩება დეზინფორმაციის გამავრცელებელთა მხილებისა და შესაბამისი რეაგირების გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.