„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელების - ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაკეტი, რომელიც ოთხი კანონპროექტისგან შედგება, 5 ძირითად საკითხს მოიცავს.
„5 ძირითადი პუნქტიდან პირველი, მთავარი პუნქტი გადაუხდელი ჯარიმების ამნისტიას ეხება. ეს ცვლილება დაახლოებით 13 500 დამსაქმებელს შეეხება და ჯამში 43 000 000 მილიონი ლარის ჩამოწერა მოხდება. ჯარიმის ჩამოწერა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებლები საპენსიო დავალიანებას და საურავებს მიმდინარე წლის ბოლომდე დაფარავენ. მცირდება ჯარიმების ოდენობაც. პირველ და განმეორებით შემთხვევაში, აქამდე გათვალისწინებული 500 და 1000 ლარის ნაცვლად, ორივე შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარი იქნება. გარდა ამისა, საპენსიო ფონდში დავების განხილვის სამსახური შეიქმნება, რაც საკითხის სასამართლომდე განხილვას უზრუნველყოფს. მეოთხე საკითხი ეხება შესაძლებლობას, რომ მოხდეს საპენსიო შენატანების ეტაპობრივი გადახდა 18 თვემდე ვადით. მეხუთე საკითხი შეეხება ჯარიმის ჩაბარებისა და გასაჩივრების წესს. კერძოდ, შენატანის 10 დღეში დაფარვის შემთხვევაში, ჯარიმა გაუქმდება, ხოლო გასაჩივრებისას აღსრულება შეჩერდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ამნისტიის პროექტზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ცვლილებების ერთ-ერთი მიზანია დამსაქმებლებმა საკუთარი დასაქმებულები არ დააზიანონ.
„ჩვენი მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში არის, რომ კანონმდებლობით უზრუნველვყოთ, რომ დამსაქმებლებმა არ დააზიანონ საკუთარი დასაქმებულები და დროულად და სრულად შეიტანონ საპენსიო დანაზოგის თანხა, რომელშიც თავისი წილით სახელმწიფოც მონაწილეობს. იმ შემთხვევაში, თუ დაიფარება ძირი თანხა - საპენსიო შენატანი და საურავები, ჯარიმის ნაწილი მოიხსნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტი, ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტს, 15-18 სექტემბრის პლენარულ
სხდომებზე დაჩქარებული წესით განიხილავს.











