საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახლად აშენებული დამატებითი კორპუსი გახსნა.

გივი მიქანაძემ და ზურაბ პატარაძემ განახლებული სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის დაწყება მიულოცეს.

სკოლის ინფრასტრუქტურას ასევე გაეცნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აშენდა 400 მოსწავლისთვის განკუთვნილი სამსართულიანი შენობა, სადაც მოეწყო დახურული სპორტული დარბაზი. კორპუსი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. სამშენებლო სამუშაოები აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ ჩაატარა და პროექტის ღირებულება 2 500 000 ლარია.

სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დაგეგმილია მახინჯაურის სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი და მეორე, ძირითადი კორპუსის მშენებლობა, სადაც საკლასო ოთახებთან ერთად იქნება ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ლაბორატორიები და სხვა ფუნქციური სივრცეები.