„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილზე მუდმივად მცხოვრები ყველა ოჯახი თანახმაა, მიიღოს ის  შეთავაზება, რაც დღემდე იყო გაჟღერებული როგორც  სახელმწიფო დაწესებულებებისგან, ისე კრედიტორისგან. აქ ვგულისხმობ ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის და კრედიტორის შეთავაზებას, რაც გულისხმობს აქ მცხოვრები პირების, რომელთაც არ გააჩნიათ სხვა საცხოვრისი,  გასახლებას  მათთვის კონკრეტული უძრავი ქონების გადაცემით ან ქირით უზრუნველყოფით“, – ამის შესახებ მედიასთან აღსრულების ეროვნული ბიუროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სოფიკო ლოქაბიძემ განაცხადა.

ლოქაბიძის თქმით, მისამართზე მუდმივად ცხოვრობს 39 ოჯახი.

„აღსრულების ეროვნული ბიურო ჩართულია და ეხმარება აქ მყოფ პირებს, რომ მათი მოძრავი ნივთები გადატანილ იქნეს იმ მისამართებზე, რომლებზეც ეს პირები მიგვითითებენ. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მორიგების პროცესმა გამოიღო შედეგი და  ამ წუთსაც კრედიტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა აქ მუდმივად მცხოვრები პირები არ დარჩნენ ქუჩაში“- განაცხადა ლოქაბიძემ.

სოფიკო ლოქაბიძის თქმით, აღსრულების ეროვნული ბიურო ვეღარ შეძლებდა გამოსახლების პროცესის გადადებას დაზიანებული შენობების და იქ მცხოვრებთა ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის  გათვალისწინებით.

„რაც შეეხება დღეს პროცესის წარმართვის საფუძველს, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ პირველი მიზეზი, რატომაც დღეს აღსრულების  ბიურო მხარდამჭერ უწყებებთან მისამართზე მოვიდა, გახლავთ ის მდგომარეობა, რაც გააჩნია შენობა-ნაგებობებს. ვიზუალურადაც შეიმჩნევა, რომ საშიშია საცხოვრებლად, თუმცა, ეს არ არის ცარიელი სიტყვები და ამ გარემოებას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც მითითებულია,  რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია,  უვარგისია საცხოვრებლად და, შესაბამისად,  საჭიროებს დაუყოვნებლივ დემონტაჟს. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბიურომ ვეღარ შეძლო, კიდევ ერთხელ გადაედო პროცესი და სწორედ იმიტომ, რომ აქ მცხოვრებთა ფიზიკური უსაფრთხოება ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ჩვენ დღეს  მოვედით მისამართზე მხარდამჭერ უწყებებთან ერთად.

რაც შეეხება სამართლებრივ საფუძვლებს, ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი ფუნქცია გახლავთ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, რაც გულისხმობს, მათ შორის, კრედიტორის უფლებას, მიიღოს დროში ეფექტიანად და სწრაფად ის შედეგი, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ არის დადგენილი; სახელმწიფოს ვალდებულებაა, მათ შორის, რომ იყოს საკუთრების უფლება დაცული  და ამ შემთხვევაშიც პირმა, რომელიც რეალური მესაკუთრეა ამ ქონების, სასამართლო წესით მიიღო დადასტურება იმისა, რომ უნდა მოხდეს ფიზიკურ პირთა გამოყვანა ამ შენობებიდან.“ – განაცხადა სოფიკო ლოქაბიძემ.