საგანმანათლებლო დაწესებულებებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების წესები მკაცრდება. მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, თითოეული საჯარო სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვა. ყველა საჯარო სკოლაში უნდა იყოს შესაბამის სტანდარტის სათვალთვალო სისტემა.
მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, საჯარო სკოლები სათვალთვალოს სისტემით 2022 წლამდე უნდა აღიჭურვოს. ვიდეოსათვალთვალო სისტემის ყოველდღიურ გამოყენებას და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მანდატური/უფლებამოსილი პირი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაციის შენახვასა და კონფიდენციალურობის დაცვაზე. ამასთანავე,  სასკოლო დროს, ვიდეო-მეთვალყურეობა განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების მიხედვით, ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია სკოლის საპირფარეშოში, გამოსაცვლელ ოთახებში, საკლასო ოთახში და სამასწავლებლოში. სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის ადმინისტრირების წესი: 1. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვა. 2. სკოლის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის ყველა დერეფნის, შესასვლელისა (ფოიე) და კიბის უჯრედის ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. 3. დაუშვებელია ვიდეოთვალთვალის განხორციელება სკოლის საპირფარეშოში, გამოსაცვლელ ოთახებში, საკლასო ოთახში და სამასწავლებლოში. 4. სკოლის გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის გარე პერიმეტრის (მათ შორის სპორტული მოედანი, ბაღი, სკვერი, და სხვა) სრულად ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. 5. ვიდეოთვალთვალის სისტემა, რომლებიც უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოდაკვირვებას, უნდა შეესაბამებოდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს. 6. სკოლა ვალდებულია იზრუნოს სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე და მანდატურის ან/და მანდატურის სამსახურის მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს ყველა იმ ხარვეზის გამოსწორება და პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მანდატურის მიერ ვიდეოთვალთვალის სისტემით სარგებლობისას. სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის ადმინისტრირების წესი 1. ვიდეოსათვალთვალო სისტემის ყოველდღიურ გამოყენებას და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მანდატური/უფლებამოსილი პირი. 2. სკოლა ვალდებულია სკოლის შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მთელი სასკოლო დროის განმავლობაში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემით ვიდეოჩაწერა – მუდმივად. 3. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს სკოლის დირექციას, დისციპლინურ კომიტეტს, მრჩეველთა საბჭოს, ასევე სამართალდამცავ ორგანოებს – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. მანდატური/უფლებამოსილი პირი უფლებამოსილი არიან უზრუნველყონ ვიდეოჩანაწერის ადგილზე გაცნობა მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლისათვის. 5. მაგნიტური ლენტების (ელექტრონული ინფორმაცია) შენახვაზე და კონფიდენციალურობის დაცვაზე პასუხისმგებელია მანდატური/უფლებამოსილი პირი. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მაგნიტური ლენტების (ელექტრონული ინფორმაცია) შესანახად სათანადოდ დაცული ადგილის გამოყოფა მანდატურისთვის/უფლებამოსილი პირისთვის. შეგახსენებთ, ამ ეტაპისთვის მანდატურის სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით 486 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი. ახალი სასწავლო წლიდან, ყველა იმ სკოლაში, სადაც მანდატურის სამსახურია წარმოდგენილი, უფლებამოსილი პირები დეტექტორებით აღიჭურვებიან, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას მოახდენენ.