სექტემბრიდან სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მეტალოდეტექტორებით აღიჭურვებიან

საგანმანათლებლო დაწესებულებებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების წესები მკაცრდება. ახალი სასწავლო წლიდან, ყველა იმ სკოლაში, სადაც მანდატურის სამსახურია წარმოდგენილი, უფლებამოსილი პირები დეტექტორებით აღიჭურვებიან, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას მოახდენენ.

ამ ეტაპისთვის მანდატურის სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით 486 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი. თუმცა, იმ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც მანდატურის სამსახური არ არის წარმოდგენილი, სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა გარკვეულ პირებს აქვთ მინიჭებული.

“მანდატურს აქვს უფლება მეტალოდეტექტორის საშუალებით მოახდინოს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება.
მეტალოდეტექტორის საშუალებით მოხდება აკრძალული ნივთის აღმოჩენა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი რომ მოსწავლემ შესაძლოა, განახორციელოს რაიმე ტიპის სამართალდარღვევა.

უკონტაქტო დათვალიერებისას არსებობს გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, სქესის შემთხვევაში. მოსწავლე, აუცილებლად შესაბამისი სქესის მანდატურმა უნდა დაათვალიეროს, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც სკოლაში არ არის შესაბამისი სქესის მანდატური, ეს გამონაკლისი პრაქტიკამ აჩვენა, შესაბამისად აუცილებელია.

უკონტაქტო დათვალიერება აუცილებლად სკოლის მიერ განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის თანდასწრებით უნდა ჩატარდეს. აღნიშნულის შესახებ აუცილებლად შედგება ოქმი, სადაც რა თქმა უნდა, აღწერილია ყველა პროცედურა.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებაზე და წინააღმდეგობას უწევს მანდატურს, თანაც მაშინ, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ გარშემო მყოფებს შესაძლოა მოსწავლემ საფრთხე შეუქმნას, ხდება მოსწავლის განცალკევება.

მოსწავლე იქნება უფლებამოსილი პირის ზედამხედველობის ქვეშ მანამ, სანამ მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელი არ გამოცხადდება სკოლაში.

მანდატურის სამსახური 15 სექტემბრამდე ყველა საჯარო სკოლის, ყველა უფლებამოსილ პირს უზრუნველყოფს მეტალოდეტექტორით, შესაბამისად მანდატურები უკონტაქტო დათვალიერების განხორციელებას შეძლებენ.“,-განაცხადა მანდატურის სამსახურის იურისტმა ეკატერინე მარხვაშვილმა.

ამასთანავე, უსაფრთხოების წესის თანახმად, თითოეული საჯარო  სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვა.
ვიდეოსათვალთვალო სისტემის ყოველდღიურ გამოყენებას და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მანდატური/უფლებამოსილი პირი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაციის შენახვასა და კონფიდენციალურობის დაცვაზე.  სასკოლო დროს, ვიდეო-მეთვალყურეობა განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.

 

მასალა მოამზადა თეონა ციხიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად