დღეს, 10 ივლისს, „სოთბის“ აუქციონის სახლმა, „ჰერმესის“ პირველი ჩანთა „ბირკინი“, რომელიც სპეციალურად ჯეინ ბირკინისთვის შეიქმნა 1984 წელს, 8 მილიონ 582 ათას ევროდ გაყიდა.  

დღემდე, აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული „ჰერმესის“ ჩანთა „კელი“ იყო.  ნიანგის ტყავისგან დამზადებული, ბრილიანტებით მოჭედილი და თეთრი ოქროთი გაფორმებული „კელი“, „სოთბის“ მონაცემებით,  513 000 დოლარად გაიყიდა

დიდი ზომის შავი ტყავის ჩანთა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირად ღირებული ჩანთის პროტოტიპი გახდა, „მოდის ხატებად“ წოდებული გაყიდვის „ცენტრალური ექსპონატი“ იყო. 

ხელნაკეთი ისტორიულ ჩანთა გამოირჩევა დიდი ზომით, მხარის მყარი (უხსნადი) საკიდით, ლითონის ჩაკეტილი რგოლებით და JB ინიციალებით. პატინირებულ ტყავზე ასევე შეიმჩნევა სტიკერების კვალი.

ჯეინ ბირკინი პრაქტიკულობას ყველაფერზე მაღლა აყენებდა. პარიზიდან ლონდონში ფრენისას, ინგლისელმა მომღერალმა და მსახიობმა, რომელიც 2023 წელს გარდაიცვალა, მეზობელს შესჩივლა, რომ ვერ პოულობდა ჩანთას, რომელიც მას, როგორც ახალბედა დედას, მოერგებოდა. ეს მეზობელი იყო ჟან-ლუი დიუმა, რომელიც იმ დროს „ჰერმესის“ სახლს ხელმძღვანელობდა. 1984 წელს  „ჰერმესმა“ შექმნა ჩანთა, სახელწოდებით „ბირკინი“ რომელსაც ბავშვის ბოთლებისთვის სპეციალური განყოფილება ჰქონდა.