„დონ ჩიჩოს" შაურმით 7 ადამიანი მოიწამლა - გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები,- ამ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„შაურმაში აერობული მიკროორგანიზმები გამოვლინდა ❗️
🔸 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევის შესახებ.
🔸 ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ შვიდმა ადამიანმა საკვებად მიიღო საშაურმე „დონ ჩიჩოს“ მიერ წარმოებული შაურმა.
🔸 შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „დონ ჩიჩო 2007“, ს/კ 405668004; მის: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას N59) სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელეს. საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე კი გაიცა მითითებები გონივრული ვადის გათვალისწინებით.
🔸 გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორებმა, ლაბორატორიული კვლევის მიზნით, აიღეს სხვადასხვა სახის სურსათის ნიმუში (ქათმის შაურმა, ქათმის შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ხორცი, სალათის ფოთოლი (გარეცხილი, დაჭრილი) და გაყინული ქათმის ბარკალი.
❎ ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები, კერძოდ: ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით; ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც.
🔸 საკვებისმიერი მოწამვლა არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია დაბინძურებული სურსათის მიღებით, უმეტეს შემთხვევაში, სურსათი დაბინძურებულია ბაქტერიებით ან ვირუსებით“,- წერია განცხადებაში.