ორმხრივ  შეხვედრას  გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია და სახალხო დამცველის მოადგილეები - ელენე ღუდუშაური და ირინე ჩიხლაძე  ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ფორმატსა და კოორდინაციის მექანიზმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სისხლის სამართლის პოლიტიკას, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკას, განსაკუთრებით ალტერნატიულ, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებებს, ქალთა მიმართ ძალადობასა და ფემიციდს, ადრეულ ქორწინებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, ონლაინ ძალადობას და სხვა საკითხებს.

გენერალურმა პროკურორმა ყურადღება გაამახვილა პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეების ეფექტიან გამოძიებასა და სახალხო დამცველის აპარატის აქტიურ ჩართულობაზე მსგავსი კატეგორიის საქმეებში.

სახალხო დამცველმა თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა და დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები ხელშესახებ შედეგს მოიტანს ერთი მხრივ დაზარალებულთა, ხოლო მეორე მხრივ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.