სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელობამ, ქალაქ რუსთავში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებთან შეხვედრა გამართა და მათ მადლობის წერილები გადასცა.
სამხედრო მოსამსახურეებმა რეკრუტების მშობლებსა და ახლობლებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესები და პირობები გააცნეს, ასევე ისაუბრეს ნებაყოფლობითი რეგისტრაციის პრივილეგიებსა და უპირატესობებზე.
სააგენტოს წარმომადგენლებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და წელს ამ მაჩვენებელმა 70%-ს მიაღწია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დასასრულს, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მშობლებს, შვილების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდისთვის, მადლობის წერილები გადასცეს.










