პენტაგონი აშშ-ის სამხედრო ბაზებს ამზადებს იმისთვის, რომ მათ გარე მხარდაჭერის გარეშე, სულ მცირე, 90 დღის განმავლობაში ფუნქციონირება შეძლონ. ეს მასშტაბური მსოფლიო ომის შესაძლებლობას უკავშირდება, რომელმაც შესაძლოა, ენერგოქსელები მწყობრიდან გამოიყვანოს, მიწოდების ჯაჭვები დაარღვიოს და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას საფრთხე შეუქმნას. ამის შესახებ ტელეარხმა Fox News-მა განაცხადა, რომელმაც ინიციატივა FORTRESS-ის დეტალები გაავრცელა.
კერძოდ, ის მობილური ბირთვული რეაქტორების, მიკროქსელების, დიდი აკუმულატორული ბატარეების გამოყენებას, ასევე საბრძოლო მასალებისა და საწვავის სტრატეგიული მარაგების შექმნას ითვალისწინებს. ზომა მიმართულია ამერიკული ჯარების უნარის უზრუნველსაყოფად, გააგრძელონ საბრძოლო მოქმედებები სამოქალაქო სისტემების მუშაობაში შეფერხებების შემთხვევაშიც კი, - წერს არხი.
პენტაგონი ასევე ქმნის პირობებს კრიზისის შემთხვევაში სამოქალაქო ქარხნების თავდაცვით წარმოებაზე გადასართავად, ამზადებს მიწოდების ალტერნატიულ ჯაჭვებს და სტრატეგიულ მარაგებს იარაღით, საწვავითა და სხვა საჭირო მასალებით შეუფერხებელი მომარაგებისთვის.
პროგრამა აშშ-ის კონტინენტურ ნაწილზე არსებულ თითოეულ მსხვილ სამხედრო ობიექტს შეეხება. "მივხვდი, რომ ჩვენი წარმოდგენა სამშობლოს დაცვაზე აგებული იყო მოძველებულ ვარაუდზე, თითქოს ორი ოკეანე დაგვიცავდა", - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, შონ პარნელმა. "პრეზიდენტი ტრამპი ხვდება, რომ ის სამყარო წარსულს ჩაბარდა და მან უკვე მოამზადა ნიადაგი ახალი აზროვნებისთვის: პროექტი "ოქროს გუმბათი", დასავლეთ ნახევარსფეროს, გრენლანდიისა და პანამის მიმართ ყურადღების განახლება", - დასძინა მან.
მაღალჩინოსნის თქმით, ამოცანების შესასრულებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგომომარაგება უნდა იყოს დამოუკიდებელი, დაცული და სარეზერვო. სტრატეგიის ფარგლებში ასევე პროგნოზირებულია გლობალური მიწოდების ჯაჭვებში სერიოზული შეფერხებების შესაძლებლობა, - წერს Fox News.
"შემდეგი კონფლიქტი, სავარაუდოდ, რამდენიმე ფრონტზე წარიმართება. შეხედეთ გეოპოლიტიკას, რომელიც ნებისმიერი დიდი ომის საფუძველში დევს. როდესაც ეს მოხდება, მიწოდების გლობალური ჯაჭვები გაწყდება", - აღნიშნა პარნელმა.
ინიციატივა ასევე გულისხმობს მოთხოვნას მომარაგების ან წარმოების მინიმუმ ორი საიმედო არხის არსებობის შესახებ - ერთ-ერთის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევისთვის.




