არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო.

"ნაძალადევის, კრწანისის და საბურთალოს ოლქის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დილის 06:45 საათისთვის წინასწარ უკვე დაწყებული ჰქონდათ უბნის გახსნისთვის საჭირო პროცედურები, ზოგან კი გააქტიურებული იყო ელექტრონული აპარატები. ამ პერიოდისთვის ასევე გამოვლინდა ფუნქციების როგორც შეუსრულებლობის, ისე თვითნებურად გადაცვლის ფაქტები. კერძოდ, ერთ შემთხვევაში მდივანი არ გამოცხადდა, ხოლო მეორე შემთხვევაში თავმჯდომარე გავიდა უბნიდან და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, 08:00 საათისთვის რამდენიმე უბანი დაგვიანებით გაიხსნა, შესაბამისად, დაგვიანდა კენჭისყრის პროცესის დაწყება.

კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლინდა როგორც აპარატების გაუმართაობის, ისე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები. კერძოდ: რუსთავის ოლქში 27-ე უბანზე რეგისტრატორი ამომრჩეველს, ბიულეტენის ნაცვლად, აჩვენებს ფურცელს, რომელზეც ციფრი 41-ის წინ არსებული წრეა გაფერადებული და ამომრჩევლებს აძლევს მითითებას, რომ მსგავსად გააფერადონ ბიულეტენი.

მნიშვნელოვანი პრობლემები იყო ელექტრონული მოწყობილობების გამართულად მუშაობასა და რეგისტრატორების მხრიდან ვერიფიკაციის აპარატის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით. რეგისტრატორები პირადობის მოწმობებს ატარებენ არასწორად, რის გამოც, უწევთ მონაცემების ხელით შეყვანა. ნინოწმინდის მე-3 უბანზე ამომრჩეველი მივიდა ერთ-ერთ რეგისტრატორთან, რა დროსაც აპარატმა გამოსცა სპეციალური სიგნალი, ხოლო მეორე აპარატს მსგავსი სიგნალი არ გამოუცია, რის შემდეგაც მან რეგისტრაცია გაიარა. საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, მარნეულის 35-ე უბანზე, პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” წარმომადგენელია, ორჯერ მისცა ხმა.

გამოვლინდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტები - გლდანის მე-13, ისნის 41-ე, წალენჯიხის მე-5, ქუთაისის და ფოთის მე-13 უბნებზე. დიდუბის ოლქის 27-ე უბანზე რეგისტრატორების უკან იდგა უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი, რომელიც ამომრჩევლის პირად მონაცემებს ინიშნავდა. საიას მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

საიას დამკვირვებლისთვის საქმიანობაში ხელშეშლის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.

რაც შეეხება პერიმეტრზე არსებულ დარღვევებს, გრძელდება წინა წლების ტენდენცია გარე პერიმეტრზე კოორდინატორების და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრებასთან დაკავშირებით. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ფონიჭალაში 21-ე საარჩევნო უბანთან ახლოს, 25 მეტრის რადიუსში, პარტია „ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალაა განთავსებული. საიას დამკვირვებელმა ფაქტზე რეაგირებისთვის შსს-ს მიმართა. დარღვევა ბოლომდე არ აღმოიფხვრა. მსგავსი შემთხვევა იყო ჩოხატაურის პირველ უბანთანაც.

საზღვარგარეთის უბნებში, ძირითადად, პროცედურული სახის დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, ფინეთის უბანში წილისყრა ჩატარდა კენჭისყრის დღეს, ხოლო ბრატისლავაში საარჩევნო ყუთები წინასწარ იყო დალუქული. ვილნიუსის, მიუნხენის, მადრიდის და პრაღის უბნები გვიან გაიხსნა.

საარჩევნო უბნებში პარტია "ქართული ოცნების" მიერ დამონტაჟებულია ვიდეოკამერები. საიას დამკვირვებლებმა 10:00 საათისთვის ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 15 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაიწერა 11, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე - 4 საჩივარი.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საია ქვეყნის მასშტაბით 55 მუნიციპალიტეტში, 64 საარჩევნო ოლქში და საზღვარგარეთის 15 ქვეყანაში 650-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება. საიას საარჩევნო მისია ფარავს 1500-ზე მეტ საარჩევნო უბანს, რაც საერთო საარჩევნო უბნების დაახლოებით ნახევარია.

საიას ცენტრალურ შტაბში არჩევნების დღეს ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 577 07 05 67. ამ ნომრის გამოყენებით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია კონსულტაციის გავლა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე, დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდება. დარღვევების თაობაზე ინფორმაციის მოწოდება ასევე შესაძლებელია e-mail-ის მეშვეობით - archevnebi@gyla.ge",- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.