რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში გიორგი ჭუმბურიძის დოკუმენტური ფილმის, „რობიკოს მასტერკლასის“, პრემიერა გაიმართა. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, რობერტ სტურუას ოჯახის წევრები და კოლეგები, რუსთაველის თეატრის მსახიობები და თეატრმცოდნეები ესწრებოდნენ.
ფილმი, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა, მსოფლიოში სახელგანთქმული და აღიარებული დიდი ქართველი რეჟისორის, რობერტ სტურუას, დაბადებიდან 85 წლისთავს მიეძღვნა.
მასტერკლასი მოიცავს ერთი კონკრეტული სპექტაკლის შექმნის პროცესს, უფრო ზუსტად, ამ პროცესის რამდენიმე ფრაგმენტს და, პარალელურად, დამდგმელ რეჟისორთან გამართულ დიალოგს, რაც ხსენებულ ფრაგმენტთა საინტერესო კომენტარებად აღიქმება.
დოკუმენტურ ფილმში ასახულია ესქილეს ტრაგედიის, „მიჯაჭვული პრომეთეს“, რობერტ სტურუასეული უაღრესად ორიგინალური სცენური ვერსია, რომლის განხორციელებასაც რეჟისორის მრავალთვიანი შემოქმედებითი ძალისხმევა დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ კინოდოკუმენტალისტმაც მრავალი თვე დაუთმო ურთულესი შემოქმედებითი პროცესის ვიდეოფირზე აღბეჭდვას. გადაღებები 4-5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და დაგროვდა 60-საათიანი ვიდეომასალა, რომელიც ასახავს სპექტაკლის დადგმის კადრებს. ის მომავალში უსათუოდ გამოადგებათ მსახიობებს, რეჟისორებსა და თეატრმცოდნეებს. ვრცელი და საინტერესო მასალის ნაწილი აისახა ფილმში, რომელსაც „რობიკოს მასტერკლასი“ ეწოდა, ნაწილი ვიდეომასალა კი გადაეცემა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, იმ მიზნით, რომ სტუდენტები თანამედროვეობის უდიდესი რეჟისორის მასტერკლასებით გაეცნონ შემოქმედებითი პროცესის თავისებურებებს, ღრმად გაიაზრონ და შეიმეცნონ სპექტაკლის შექმნის ხელოვნება. ფილმზე რეჟისორთან ერთად მუშაობდნენ გია ალავიძე- „ხოსე“ და იოსებ ჭუმბურიძე.
რობერტ სტურუა საერთაშორისო ავტორიტეტისა და აღიარების მქონე ქართველი ხელოვანია, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში. მან, საკუთარი შემოქმედებით, ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული სასცენო ხელოვნება, სადადგმო კულტურა თუ სათეატრო აზროვნება.
რეჟისორი რუსთაველის თეატრში მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან მოღვაწეობს, სადაც არაერთი წარმოდგენა შექმნა, რომლებიც დღესაც აქტუალური და პოპულარულია საზოგადოებაში. პირველი ნამდვილი წარმატება რეჟისორს 1965 წელს ა. მილერის „სეილემის პროცესმა“ მოუტანა. ამის შემდეგ იყო „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ხანუმა“, „ყვარყვარე“, „რიჩარდ III“ და „კავკასიური ცარცის წრე“. თუმცა ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ მისი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. სპექტაკლი მეოცე საუკუნის საუკეთესო სპექტაკლების კრებულშია შესული. „ჰამლეტი“ კი, რომელიც მან ლონდონის „რივერსაიდ სტუდიაში“ დადგა, შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლო 50 წლის განმავლობაში შექმნილ ათ საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა. რობერტ სტურუას შემოქმედება 100-ზე მეტ სპექტაკლს ითვლის.
რუსთაველის თეატრმა და რობერტ სტურუამ მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე სახელი გაუთქვეს და საერთაშორისო აღიარება მოუპოვეს ქართულ თეატრსა და ქართულ კულტურას. რეჟისორი სპექტაკლებს ასევე დგამს უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ თეატრებში, ქალაქებში: ზაარბრიუკენი, დიუსელდორფი, ათენი, მოსკოვი, ბუენოს-აირესი, თელ-ავივი, ლონდონი, სტამბოლი, ჰელსინკი, სამარა, ვაიმარი, რომი, კიევი, ანკარა, იერუსალიმი.
დიდი მაესტრო დღემდე ანებივრებს მაყურებელს და სპექტაკლებში გამორჩეულ და ორიგინალურ ხელწერას სთავაზობს.