,,საქართველოს მთავრობის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ქუთაისში, დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიმყოფებოდით ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ რეკრეაციულ სივრცეში- ახალგაზრდობის პარკში, რომლის რეაბილიტაციაც აქტიურად მიმდინარეობს, მომავალი წლის ბოლოსთვის ქალაქს ექნება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განახლებული პარკი“ – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
განახლებული პარკის პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, გამწვანებულ ზონებს, ტერიტორიის კეთილმოწყობასა და მცირე არქიტექტურული ნაგებობების განთავსებას. პარკში მოეწყობა ბავშვთა და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები, ამფითეატრი და წყლის სარკეები. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს გეგმავს, მათ შორის ისტორიული შენობების რეაბილიტაციას, რაც მნიშვნელოვანია ქალაქის იდენტობის, ტურისტული პოტენციალისა და კულტურული ცხოვრების გასაძლიერებლად.
,,მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისში რამდენიმე ლოკაციაზე დავიწყეთ რეკრეაციული სივრცეების დაპროექტება, რაც დიდწილად შეცვლის ქალაქის იერსახეს. ვგეგმავთ სპორტის სასახლის მშენებლობას, რომლის პროექტირებაც ახლა მიმდინარეობს. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტი დასავლეთ საქართველოში“-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტის შენობის მიმდებარედ ახალი, დაახლოებით 70 ჰექტარზე განთავსებული მრავალფუნქციური პარკის დეტალურ პროექტზე. ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო სათამაშო ზონები, სპორტული მოედნები, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელი, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები.
ამასთან, სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო ნიუპორტისა და მიმდებარე ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები. დაგეგმილია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რესტავრაციაც.
ქუთაისში ასევე იგეგმება ტექნიკური საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რიონის სანაპიროზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობა, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია და ყოფილი პარლამენტის მიმდებარედ საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება.
ქუთაისში მიმდინარე პროექტები ინფრასტრუქტურის მინისტრმა პრემიერ-მინისტრთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.









