ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში -„ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ -სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე, ცვლილებების მნიშვნელობასა და ძლიერი ქართული კომპანიების როლზე ისაუბრა.
"მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებების ყველა თანამშრომელს, რომლებსაც არაორდინარულ პირობებში უწევთ მუშაობა“ -აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის სფეროში დაწყებული მასშტაბური რეფორმები სექტორში არსებული პრობლემების სიღრმისეულ ანალიზს ეფუძნება.
"დღეს ვდგამთ ნაბიჯებს, რათა გამოვასწოროთ არსებული ვითარება, დავნერგოთ ახალი მეთოდები და მიდგომები. ეს საბოლოოდ გააჯანსაღებს სექტორს და სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, განახორციელოს მრავალი ხარისხიანი და მნიშვნელოვანი პროექტი. გარდამავალი პერიოდი ყოველთვის სირთულეებთანაა დაკავშირებული“ - განაცხადა სოხაძემ.
მინისტრის თქმით, მომავალი წლიდან სამინისტროს საქმიანობა ახალ რეალობასა და განახლებულ მიდგომებზე იქნება დაფუძნებული.
„ჩვენთვის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბებაა - როგორც სამშენებლო, ასევე საგზაო მიმართულებით. ძლიერი კომპანიები ქმნიან გარანტიას, რომ ქვეყანას არ შეეშინდება ნებისმიერი სირთულის პროექტის დაწყებისა და დასრულების. ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია“ - აღნიშნა მინისტრმა.
სოხაძემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სექტორისთვის ახალ რეალობასთან და მიდგომებთან გამკლავება მარტივი არ არის, თუმცა სამინისტრო მზადაა მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს ქართულ კომპანიებს.
„ჩვენ მათ განვიხილავთ, როგორც პარტნიორებს საერთო საქმეში. ჩვენი სურვილია, მათ მოახერხონ არსებული პრობლემების დაძლევა, რაც მომავალში აუცილებლად აისახება განხორციელებული პროექტების ხარისხზე“-განაცხადა მინისტრმა.










