თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ოპოზიციის ბრალდებებს ეხმაურება და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიის  მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

 მისი თქმით, სრულიად გასაგებია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე  გარკვეული განცხადებების კეთება უწევთ, თუმცა პროფესიული კუთხით ეს არც მისაღები და არც  სწორი არ არის.

საკრებულოს წევრის თქმით, თბილისში მშენებლობის დასაწყებად რამდენიმესაფეხურიანი სანებართვო სისტემა არსებობს, რომელიც საბოლოო სახის მიღებამდე  ნებისმიერმა პროექტმა უნდა გაიაროს.

„თბილისში ძნელად თუ მოიძებნება მშენებლობა, რომელსაც ესა თუ ის მხარე, ჯგუფი თუ ადამიანი არ აკრიტიკებს. ჩვენს დედაქალაქში მშენებლობის ნებართვის მისაღებად რამდენიმესაფეხურიანი  სისტემა არსებობს. ნებისმიერმა პროექტმა საბოლოო სახის მიღებამდე რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს.

ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიის  მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ახლა პირველი ეტაპი ხორციელდება, რაც განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ-ის) დავალებას გულისხმობს. სწორედ ამ დავალების ფარგლებში განხორციელდება ყველა ის საჭირო კვლევა, რომლებზეც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ“, -  აცხადებს რევაზ სოხაძე.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებაში, რომელიც  საკრებულოს უახლოეს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს, ჩამოთვლილია კვლევები, რომლებიც უნდა ჩატარდეს.  გრგ-ის დავალებაც სწორედ ამას გულისხმობს.

„დამკვეთი იღებს დავალებას, თუ რა კვლევები უნდა აწარმოოს  და პროექტი მხოლოდ ამის შემდეგ,  ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით,  უნდა წარმოადგინოს.

მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებაში, იმისათვის, რომ ნებისმიერი რისკისგან დაზღვეული ვიყოთ, ჩამოთვლილია ყველა ის კვლევა, რომლებზეც ჩვენი ოპონენტები აპელირებენ. დღეს  გრგ-ის დავალების ეტაპზე, ნებისმიერი მსჯელობა არქიტექტურულ იერსახეზე თუ სხვა რამეზე არის არარელევანტური, რადგან ეს არის კონცეფცია, გარკვეული მონახაზი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ არის ზუსტი პროექტი“,  -  აცხადებს რევაზ სოხაძე.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის მიერ დასმულ ყველა კითხვას პასუხი გრგ-ის დავალების შესრულების შემდეგ გაეცემა.

„ამ პროექტთან დაკავშირებით მსჯელობა დედაქალაქის სხვადასხვა წრეებში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.  პროექტს გავლილი აქვს ისტორიული საბჭო. იყო სხვადასხვა ვარიანტები, თუ როგორ უნდა მომხდარიყო აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანება, საბოლოო ჯამში შეჯერება მაღლივ განაშენიანებაზე მოხდა, მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს კონცეფცია, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, არის ოპტიმალური და მისაღები“,  -  აცხადებს რევაზ სოხაძე.