პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან მომზადებული ვიყავით არგუმენტაციის გასამყარებლად. მოტანილი გვქონდა აბსოლუტურად ყველა ექსპერტიზა და დოკუმენტი, რომელიც ჩვენს არგუმენტაციას გაამყარებდა. სრულიად მოულოდნელად, საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შედეგით. ჩვენი არგუმენტაცია, ძალიან დიდი ნაწილი იქნა გათვალისწინებული. გადაწყდა, რომ სახელმწიფო კლინიკა, ერთადერთი მრავალპროფილური კლინიკა თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება იმ ლოკაციაზე, რომელზეც არის. გააგრძელებს მუშაობას, ვიდრე ახალი აშენდება უკანა მხარეს ეზოში. ამავე დროს მოხდება იმ კორპუსის, ნაწილის, რომელშიც დღესდღეობით რესპუბლიკური საავადმყოფოა განთავსებული, მოდერნიზაცია, იმისთვის, რომ გარდამავალ პერიოდში კლინიკამ სრულად შეძლოს პაციენტებისთვის სერვისების მიწოდება. უკან ახალი შენობა როდესაც აშენდება რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი გადავა ახალ შენობაში“, – აღნიშნა ექიმმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საავადმყოფოსთან დაკავშირებული პროცესი გაჩერდება. მისივე თქმით, რამდენიმე წელიწადში, შენობის უკანა ტერიტორიაზე აუცილებლად აშენდება ახალი საავადმყოფო, მანამდე კი, რესპუბლიკური საავადმყოფო ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას.