7 სექტემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, Black Sea Arena-ზე ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გრანდიოზული კონცერტით გაიხსნება, შემდეგ კი მთავარი ლოკაცია 8-9 სექტემბერს ამბროლაურსა და ონში - რაჭაში გადაინაცვლებს.
როგორ მიდის ფესტივალის სამზადისი რაჭაში, რა სიახლეები ელის იქ ჩასულ მსმენელებს, რატომ შეირჩა მთავარ ლოკაციად - ამ და სხვა კითხვებს „აიპრესთან“ ინტერვიუში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა - გიორგი დონაძემ უპასუხა. „გასულ წლებში ჩატარებულმა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალმა აჩვენა, რომ საინტერესო იქნებოდა თუ ფესტივალი გახდებოდა მოძრავი და მთასაც შევეხებოდით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ Black Sea Arena-ზე კონცერტის შემდეგ, ფესტივალის მთავარი ლოკაცია იქნება რაჭა. [caption id="attachment_579777" align="alignnone" width="1481"] მიხეილ კილოსანიძე და გიორგი დონაძე[/caption] "მოგეხსენებათ, რაჭა ძალიან ლამაზი და გამორჩეული მხარეა საქართველოში. აუცილებლად სჭირდება სათანადო მხარდაჭერა! ამ მხარეს დიდი პოტენციალი გააჩნია, როგორც ტურიზმის, ასევე საფესტივალო ცხოვრების განვითარების მიმართულებით. ადგილობრივი მთავრობაც მოტივირებულია, რომ უფრო მეტი კულტურული აქტივობა ჩატარდეს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ წელს, რაჭის თანადგომის ფარგლებში, აქ გაიმართოს ფესტივალის ორი დღე. აღსანიშნავია, რომ კულტურული მიმართულებით, ფოლკლორული ნიმუშებით, ძალიან მდიდარია ეს მხარე. სიმღერა, ცეკვა თუ ხელსაქმე განვითარებულია. არსებობენ ადამიანები, რომელთა პოპულარიზაციაც შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, რომ გაამართლებს და ძალიან სწორი გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ფესტივალის რაჭაში გამართვით“. გიორგი დონაძის თქმით, რაჭაში ძალიან ბევრი ტურისტული მიმართულებებია, რაც საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია. ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი, კი მსგავსი ადგილების გაცნობა-დათვალიერება იქნება, რაც სამომავლოდ რაჭას უფრო მოთხოვნადს და საინტერესოს გახდის. „წელს საქართველოს მთავრობამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ამ სოფელში, დაახლოებით, 60-ზე მეტი სულ ხელით აწყობილი უნიკალური ხის სახლია. თითოეული მათგანი გამორჩეულია მასალით, აშენების ტექნიკითა და ჩუქურთმებით. ამ სოფელის განვითარებისა და კეთილმოწყობისთვის მთავრობა 6 მილიონ ლარს დახარჯავს. ფესტივალის ფარგლებში გოგოლათში გვაქვს ერთ-ერთი აქტივობა. გოგოლათში გვინდა გავაცოცხლოთ ძირძველი რაჭული ყოფა-ცხოვრება, შესაბამისად ფოლკლორიც. უცხოელ და ქართველ ანსამბლებს რაჭული ცეკვისა და სიმღერის მასტერკლასს ჩავუტარებთ." [caption id="attachment_579778" align="alignnone" width="1481"] სოფელი გოგოლათი, სოხაძეების ოდა სახლი [/caption] ფესტივალის ჩატარება ამბროლაურსა და ონში არამარტო უცხოელებისთვის იქნება საინტერესო, ბევრ ქართველს არ უნახავს, არ ზიარებია იქაურ სილამაზეს. ამ მხარეში ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი სასტუმრო აშენდა, რაც ძალიან მისასალმებელია. მნიშვნელოვანია, რომ სტუმრების განთავსების პრობლემა არ გვაქვს და ადგილობრივი სასტუმრო ბიზნესის განვითარებაში მცირე წვლილს შევიტანთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ მომავალ წელს ფესტივალის ფარგლებში ერთი კონცერტი სწორედ, რაჭაში გაიმართოს. როგორც გიორგი დონაძემ გვითხრა, ამბროლაურში 8 სექტემბერს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალთან ერთად აგროფესტივალიც გაიმართება, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ აღმოაჩინონ უამრავი გემო და არომატი, რაც მეტად შეაყვარებთ რაჭას. მისივე თქმით, ონში მოეწყობა საზეიმო მსვლელობა - უცხოური და ქართული ანსამბლების ქართული ტრადიციული სიმღერებით, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება, გამოიფინება ადგილობრივი გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრები, საღამოს კი კონცერტით დაიხურება. [caption id="attachment_579779" align="alignnone" width="687"] ეთნომუსიკოლოგი პოლო ვალიეხო და გიორგი დონაძე[/caption] „ფესტივალის პარალელურად გვექნება აგროფესტივალი. ადგილობრივი მეწარმეები, რომლებიც აწარმოებენ ღვინოს, შაშხს, ყველს და სხვა პროდუქტებს, იქნებიან წარმოდგენილნი. სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ და შეიძინონ ისეთი რამ, რასაც უბრალო სტუმრობის დროს რაჭაში ვერ აღმოაჩენენ. ონში ჩამოგვყავს უცხოელი და ქართველი ეთნომუსიკოლოგები: ნატალია ზუმბაძე, პოლო ვალიეხო და რენატო მორელი. ორივე დღე საინტერესოდ დატვირთული იქნება, ასე რომ არ ღირს ამ ფესტივალის გამოტოვება“.