89 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იოსელიანის ახლობლები ადასტურებენ.

ოთარ იოსელიანი 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი; 1980 წლიდან მოღვაწეობდა საფრანგეთში; გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „აკვარელი“ (1958),  „აპრილი“(1961); მხატვრული ფილმები: „გიორგობისთვე“ (1966) – ამ ფილმისთვის მან კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის. ასევე რეჟისორია ფილმების –  „იყო შაშვი მგალობელი„ (1970), „პასტორალი“ (1976), „ბასკთა ქვეყანაში“ (1983), „მთვარის რჩეულნი“ (1984), „პეპლებზე ნადირობა“ (1999), „ყაჩაღები“(1996), „მშვიდობით მწვანე მდელო“ (2000, საფრანგეთი); დოკუმენტური ფილმები: “ძველი ქართული სიმღერა” (1969), „თუჯი“ (1964), „საპოვნელა“ (1959).

1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობდა, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო – 1984 წელს „მთვარის ფავორიტებმა“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც – „და იყო სინათლე“ (1989) და „ყაჩაღები. თავი VII“ (1996). 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი In vino veritas!, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნა რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“.