მიმდინარე წლის 5-7 ივნისს, სომხეთის დედაქალაქი ერევანი „ქართული კულტურის დღეებს" მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება.
„ქართული კულტურის დღეების“ ფარგლებში, 6 ივნისს, ქ.ერევანში მდებარე მისაკ მანუშიანის სახელობის პარკში საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრნენ.
„ქ.ერევანში ქართული კულტურის დღეების ჩატარება ხელს უწყობს ქართული ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას. ღონისძიების მნიშვნელოვანი კომპონენტია ქართული ღვინის წარდგენა.
ჩვენი ქვეყანა ღვინის სამშობლოა, ჩვენ გვაქვს ღვინის წარმოების 8 ათასწლიანი ისტორია, 500-ზე მეტი ვაზის ენდემური ჯიში.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ღვინის წარმოება ყოველწლიურად იზრდება, რაც განპირობებულია დარგში სწორი სამთავრობო პოლიტიკით. სომხეთის დედაქალაქში გამართული გამოფენა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საექსპორტო პოტენციალის ზრდას და ბაზრების დივერსიფიკაციას“, -
აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომელშიც მონაწილეობდა ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია. ქართული ღვინის უნიკალური ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიების სივრცეში წარმოდგენილი იყო ქართული სუფრისა და ქვევრების ინსტალაციები, მოეწყო ექსპოზიცია, რომლის
ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის უნიკალური ექსპონატების ასლები.
სოლომონ პავლიაშვილმა სომხეთის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეებს ქართულ სტენდთან უმასპინძლა.