ღონისძიებაში იმერეთის რეგიონის 11 ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს. ბალახვანის ისტორიულ უბანში, საზეიმოდ მოწყობილ სივრცეში წარმოდგენილია ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა, მათ შორის, იმერეთის რეგიონის ღვინისა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება; „სომელიეს კუთხეში“ სომელიე ანტონ ხეცურიანი სტუმრებს საუკეთესო იმერულ ღვინოებს აცნობს. მიმდინარეობს ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა; ბავშვებისთვის მოწყობილია შემეცნებით-გასართობი სივრცე. ღონისძიების ფარგლებში გამოფენილია სამხედრო ტექნიკა.

იმართება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

„დამოუკიდებლობა არის უმთავრესი მონაპოვარი და ჩვენი ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა. საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აგრარულ სექტორს და, მათ შორის, 8000 წლიანი ისტორიის მქონე მეღვინეობის დარგს. სქართველოს ისტორია არის ღირსების დაცვის, სიმტკიცისა და
შეუპოვრობის მაგალითები. ჩვენს პროგრესულობას, შემწყნარებლობას, დიდსულოვნებას და სტუმართმოყვარეობას მთელი მსოფლიო ყოველთვის აღფრთოვანებით აღიარებდა. სწორედ ამ თვისებებმა განაპირობა უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების შექმნა" - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.


17:10 სთ-ზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება - ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი საქართველოს ჰიმნს შეასრულებს.

ღონისძიება დღის ბოლოს გალაკონცერტით დასრულდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქ. ქუთაისში, ქ. თელავსა და ქ. ახალციხეში იმართება.