სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტირანის მიტროპოლიტს და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, მის უნეტარესობას, იოანეს ალბანეთის ეკლესიის მეთაურად გამორჩევას ულოცავს.
„მის უნეტარესობას იოანეს
მიტროპოლიტს ტირანისა და
მთავარეპისკოპოსს სრულიად ალბანეთისა
თქვენო უნეტარესობავ,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ ალბანეთის ეკლესიის მეთაურად გამორჩევას.
ღმერთმა მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, სულიერი ძალა და სიბრძნე თქვენზე დაკისრებული დიდი პასუხისმგებლობის აღსრულებისთვის, რათა იყოთ ღირსეული გამგრძელებელი უნეტარესი ანასტასიოსის ღვაწლისა.
ვიმედოვნებთ, თქვენი საჭეთმპყრობელობის დროს ჩვენს ეკლესიებს შორის კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდება და თქვენი მწყემსმთავრობა იქნება ნაყოფიერი და სულიერი სიხარულის მომტანი როგორც თქვენი სამწყსოსთვის, ისე საერთოდ მართლმადიდებლობისთვის.
გეწეოდეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით, ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“, - აღნიშნულია მისალოც ტექსტში.