სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საოპერო მომღერლის, მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს. სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი ავრცელებს. 

"ქართულ საოპერო სცენას მრავალი ღირსეული და, მართლაც, გამორჩეული მომღერალი ჰყავდა და ჰყავს.

 ქალბატონი მედეა ამირანაშვილი, მამასთან და ქალბატონ ცისანა ტატიშვილთან ერთად, ამ სივრცის მშვენებად და დიდებად იქცნენ.

 გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ისიც, რომ ქალბატონი მედეა ღვთისგან დაჯილდოებული იყო სიკეთით, უშურველობით, სხვისთვის სიხარულის მინიჭების უნარითა და პიროვნული სხვა ღირსებებით; და რაც მთავარია, იყო მორწმუნე, რაც არც არასდროს დაუმალავს.

 აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ქალბატონ მედეას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა" .