დღეს, სოფელ არგვეთში, ქართველი პოეტის, პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. ამ მნიშვნელოვან ამბავს, პაოლო იაშვილის შთამომავლები ეხმიანებიან.
„ახდა ჩვენი, მისი შთამომავლების დიდი ხნის ოცნება. ამ დიდ სიხარულს სევდაც ერევა, ნეტავ ამ დღეს პაოლოს ერთადერთი ქალიშვილი მედეა და პაოლოს დის და ძმების შვილები მოსწრებოდნენ - როგორ გაიხარებდნენ!
საქართველოში კიდევ ერთი სახლმუზეუმი კი არ იხსნება, არამედ ქართული კულტურის ახალი კერა გაჩნდა, სადაც გაცოცხლდა პაოლო იაშვილის და მისი ძმების „ცისფერყანწელების“ ნიჭიერებითა და ტრაგიზმით აღსავსე სამყარო, ეპოქა, რომელშიც მათ თავისი განუმეორებელი კვალი დატოვეს.
ამიერიდან ზემო იმერეთის ამ ულამაზეს კუთხეში გაჩნდა ადგილი, სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას, ახალგაზრდებს, ჩვენი ქვეყნის სტუმრებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ პაოლო იაშვილის შემოქმედებას და ბიოგრაფიას, „ცისფერი ყანწების“ პოეტური ორდენის მსოფლმხედველობას და პოეტურ ფილოსოფიას, გაიაზროს ის ადგილი, რომელიც პოეტს და მის მეგობრებს უკავიათ ქართულ ლიტერატურაში.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა პაოლო იაშვილის სახლ მუზეუმის გახსნაში. განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს, საჩხერის მუნიციპალიტეტს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ყველა იმ ლიტერატორსა და სპეციალისტს, ვინც თავდაუზოგავად იშრომა, რათა ეს დღე დამდგარიყო.
ვიმედოვნებთ, რომ ახლადგახსნილ მუზეუმში ბევრი საინტერესო შეხვედრა გაიმართება, მას ბევრი ადამიანი ეწვევა და წასვლისას ემოციებთან ერთად იმის რწმენაც გაჰყვებათ, რომ ჭეშმარიტად საქართველო პოეტების ქვეყანაა.
მადლიერებითა და პატივისცემით,
მერაბი და გიორგი (გია) ნიჟარაძეები,
პაოლო იაშვილის შვილიშვილები.