საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, სანკტ-პეტერბურგში, მიხაილოვსკის თეატრის საოპერო ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელი სამი წლის განმავლობაში იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას "Российская газета" ავრცელებს.

პაატა ბურჭულაძე გაზეთთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 7 სექტემბერს მიხაილოვსკის თეატრი ახალ სეზონს გახსნის, სადაც ის არამხოლოდ როგორც მომღერალი, არამედ როგორც სამხატვრო ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება წარმოდგენილი.

"ნამდვილად ღირდა ამის ცდა. მინდა, რომ თეატრის დონე მაღალი იყოს. ვფიქრობ, საინტერესო მუშაობა გველოდება",- აღნიშნა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, თეატრთან ჯერჯერობით სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ვფიქრობ, ეს არის ნორმალური ვადა იმისთვის, რომ გავიგოთ განვაგრძობთ თუ არა თანამშრომლობას მომავალში",- აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

პაატა ბურჭულაძემ 2016 წლის მაისში დააარსა მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის", რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

ბურჭულაძის პარტიამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, რის შემდეგაც მან საკუთარი პარტია დატოვა.