თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის მუშაობა შეაფასა და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელიც 2023 წელს განხორციელდა. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა სრულიად საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება კიდევ ერთხელ მიულოცა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა.
ოთარ გრიგოლიამ აღნიშნა, რომ ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტი, რომელიც თბილისს ჰქონია.
„ქალაქის ბიუჯეტი დღეს ისტორიულ ნიშნულზეა და იგი 1 763 354,7 ათას ლარს შეადგენს. ეს არის ყველაზე დიდი ბიუჯეტი, რომელიც თბილისის ისტორიაში ყოფილა. მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაბალანსებულია და მისი ძირითადი ნაწილი სოციალური, ინფრასტრუქტურული და განათლების მიმართულებით არის გადანაწილებული. დედაქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებულია როგორც ქალაქის, ისე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა; ასევე, ავტობუსების შეძენა, რაზედაც ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება. ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება ეკოლოგია, რისთვისაც 215 მილიონი ლარი გამოიყო. ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა სკოლამდელი განათლება და ამ მიმართულებით ქალაქი 250 მილიონ ლარს დახარჯავს. ქალაქის ბიუჯეტი და პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე იმ პროექტებსაც შეეხო, რომლებიც 2023 წელს განხორციელდა და რომლებიც მომავალშიც გაგრძელდება. დაგეგმილ პროექტებს შორის, ოთარ გრიგოლიამ კუს ტბის განვითარების და რეკონსტრუქციის ახალი გეგმა გამოყო, რომელიც მისი თქმით, მეტი რეკრეაციული სივრცის გაჩენას და კუს ტბის პროექტის ისტორიულ ჩანაფიქრთან დაახლოებას გულისხმობს. ოთარ გრიგოლიას თქმით, ეს არის ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის მიზანიც კუს ტბის განახლებაა.
საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული სახლების ჩანაცვლებასა და საცხოვრებელი ფართების დაკანონებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ორივე პროექტი თბილისელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალი წლიდან მათი განხორციელება კვლავ გაგრძელდება.