ვაკის რაიონში, ნუცუბიძის პირველი მიკრორაიონის N9-10 კორპუსების მიმდებარედ არსებული დასასვენებელი სივრცე განახლდა. ტერიტორია, დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობს მოიცავს.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი განვახორციელეთ. ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვიყავით აქ და ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა, სივრცე იყო განადგურებული. დღეს ყველაფერი რეაბილიტირებული და მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სავარჯიშო სივრცეები, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი და განათების სისტემები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე საფეხბურთო მოედანს, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა. მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროექტების განხორციელება ყველა უბანში. ირგვლივ არაერთი საცხოვრებელი კორპუსია და ადგილობრივებს უნდა ჰქონდეთ გართობის და დასვენების საშუალება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

განახლებული სივრცე დაყოფილია ზონებად ბავშვებისთვის და მშობლებისთვის, სადაც განთავსებულია თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი, ფიტნეს ზონები, საბავშვო-გასართობი მოედანი, დასასვენებელი პავილიონი.

სამუშაოებისას დამონტაჟდა ყველა საჭირო საპარკო ავეჯი. დასკვნით ეტაპზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და დაირგო 180 ხე-მცენარე. პროექტის ღირებულებამ 1 000 000 ლარი შეადგინა.

რეაბილიტირებული სკვერი კახა კალაძესთან ერთად მერის მოადგილეებმა - ირაკლი ბენდელიანმა და კახა აბულაძემ, ვაკის რაიონის გამგებელმა ლევან ყიფიანმა და პარლამენტის დელეგატმა ზურამ რურუამ დაათვალიერეს.