"არავითარი ელიტურობა, არავითარი "მეფის ნავში ჯდომა", არც ხუთოქტავიანი დიაპაზონი ან რამე მსგავსი - ის ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი შოუ-მენი იყო და მისი მთავარი ძალა უბრალო ხალხის სიყვარული იყო. სიკვდილის წინაც ამას გაუსვა ხაზი - "დამკრძალეთ დედისა და ცოლის გვერდით". და კრძალავენ კიდეც ვერის სასაფლაოზე, საოჯახო საძვალეში." - ამის შესახებ მსჯავრდადებული "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"მხოლოდ უზომოდ მასზე შეყვარებული ხალხი გააცილებს, უზომოდ ბევრი. არავითარი დაფა-ზურნა და დამკრძალავი კომისიები. გაასვენებენ და დაკრძალავენ, როგორც ნამდვილ სახალხო გმირს. კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ მისი ხრინწიანი თბილი ხმა, ფენომენალური არტისტულობა და პლასტიკა, გულის გამთბობი ღიმილი და უბრალოება. არ დაავიწყდებათ არც ის, ყველაზე კონფორმისტულ სფეროში მოღვაწემ, საკუთარი მაგალითით როგორ გვაჩვენა, რომ არტისტს მარტო ხალხის სიყვარულის ფუფუნება კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ სწორი და მართალი სამოქალაქო პოზიცია. რომ ეს პოზიცია ჩუმად კი არ უნდა ატაროს, არამედ საჯაროდ გამოხატოს და რომ ესაა სწორედ სამშობლოსა და ხალხის მსახურება.
RIP ბუბა კიკაბიძე. დიდი სიყვარულით, გულდაწყვეტით და სიმწარით, რომ უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებ." - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, 19 იანვარს, ვახტანგ კიკაბიძეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.