"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) და "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) წარმომადგენლებმა 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ თბილისში დღეს პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, "ეს იყო ბევრი ნაკლოვანებებით დატვირთული არჩევნები, თუმცა საბოლოო პასუხის გაცემა ნაადრევია".
კერძოდ ჟურნალისტის კითხვაზე, "ფართოდ გავრცელებული ბრალდებები ახდენენ ზეგავლენას საბოლოო შედეგზე, თუ არ არის საკმარისად მასშტაბური იმისთვის, რომ საერთო შედეგზე იქონიონ გავლენა?", IRI-ს პრეზიდენტმა დენ თვაინინგმა განაცხადა, რომ "საბოლოო პასუხის გაცემა ნაადრევია".
"საარჩევნო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ჩვენ 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი გვყავდა საქართველოში ივნისის თვიდან მოყოლებული. ისინი აკვირდებოდნენ წინასაარჩევნო პერიოდს. ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან ბევრი ნაკლოვანება, მათ შორის არათანაბარი გარემო დავაფიქსირეთ. ჩვენ გვქონდა საარჩევნო დღე, თუმცა ჯერ არ გვაქვს საბოლოო შედეგები. გვექნება ასევე არჩევნების შემდგომი პერიოდი, როდესაც მოხდება სასამართლო დონეზე დავების და საჩივრების განხილვა. ამიტომ ახლა ძალიან ნაადრევია საბოლოო პასუხის გაცემა. ეს იყო ბევრი ნაკლოვანენებით დატვირთული არჩევნები, თუმცა საბოლოო პასუხის გაცემა ნაადრევია", – აღნიშნა დენ თვაინინგმა.
მსგავსი მოსაზრება დააფიქსირა NDI-ს პრეზიდენტმა თამარა ქოფმან ვითესმა.
"მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ითვალისწინებს მთელ საარჩევნო პროცესს. არჩევნებამდე პერიოდს, არჩევნების დღეს და მის შემდგომ პერიოდს. მარტო არჩევნების დღე ვერ გვეუბნება მთელ პასუხს", – განაცხადა ვითესმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობას ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერება სურს.
"ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ნათელი იყო, რომ საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიის გაძლიერება სურს და ყველამ უნდა სცეს პატივი ამას", – დასძინა მან.