არჩევნები ნამდვილად ბევრი ნაკლოვანებით იყო დატვირთული, თუმცა, საბოლოო ჯამში, საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელიც გვაქვს, – ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა, დენ ტვინინგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, "ფართოდ გავრცელებული ძალადობის ბრალდებები ზეგავლენას ახდენენ საბოლოო შედეგზე? თუ არ არის საკმარისად მასშტაბური, რომ საერთო შედეგზე იქონიოს გავლენა", IRI-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "საარჩევნო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჯერ ნაადრევია საბოლოო პასუხის გაცემა".

"ჩვენ 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი გვყავდა საქართველოში ივლისიდან, რომლებიც აკვირდებოდნენ წინასაარჩევნო პერიოდს. დავაფიქსირეთ ძალიან ბევრი ნაკლოვანება, არათანასწორი გარემო წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ გვქონდა საარჩევნო დღეც, თუმცა ჯერ არ გვაქვს საბოლოო შედეგები. ჯერ კიდევ ველოდებით. გვექნება ასევე არჩევნების შემდგომი პერიოდი, სადაც მოხდება სასამართლო დონეზე დავებისა და სარჩელების განხილვა, ამიტომ, ჯერ ნაადრევია საბოლოო პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, NDI-ის ექნება თავისი პასუხი. ჩემი პირადი პასუხია, რომ არჩევნები ნამდვილად ბევრი ნაკლოვანებით იყო დატვირთული, თუმცა, საბოლოო ჯამში, უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელიც გვაქვს", – განაცხადა დენ ტვინინგმა.