ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით,  მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.

„საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა. დილის 08:00 საათზე დაიწყო კენჭისყრა.

დღეს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000 – მდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 60 754 ამომრჩეველია. არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 34 000-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი.

აქვე, შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი მოწმობა ან პასპორტიაქვე, შეგახსენებთ კენჭისყრის პროცედურებს – იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც დაყოფილია სამ სვეტად. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით თითოეულ სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჭრილის საფარი არჩევნებზე წელს პირველად გამოიყენება.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება კი აკრძალულია.

არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს – რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას – ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას.

დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა. 

შეგახსენებთ, დღეს თვითმმართველობის არჩევნებია - საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს