დღეს, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის  არჩევნები გაიმართება. 

საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.

ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან.  მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.

ამასთანავე, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია.  თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 4 კანდიდატი.

რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს - სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 32 კანდიდატი. თბილისში კი  160 კანდიდატი.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.

კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის  მოქმედი პირადობის  მოწმობა ან პასპორტი. კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას.

გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მომართა.

არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 34 000-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი.