უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა შეხვედრები გამართა უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრ ჩაბა ლანტოშთან და მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ნანდორ ჩეპრეგისთან. 

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელობა და განიხილეს საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში ორი ქვეყნის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

მზია გიორგობიანმა უნგრელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე საგზაო, წყალმომარაგების, მუნიციპალური, სპორტული, საგანმანათლებლო და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

მასპინძლებმა ქართულ მხარეს გაუზიარეს უნგრეთის გამოცდილება მშენებლობისა და პროექტების მართვის მიმართულებით, მათ შორის ინოვაციური მიდგომები და წარმატებული პრაქტიკა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

11 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები შედგა ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის და გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებები.