საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ბუდაპეშტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, შანდორ პინტერთან, რომელიც ზოგადი განათლების მიმართულებას ხელმძღვანელობს.

ალექსანდრე წულაძემ საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს განათლების სისტემის განვითარება წარმოადგენს, შესაბამისად, განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება.

მინისტრმა შანდორ პინტერს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და  განსახორციელებელი რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო სწავლა-სწავლებისპროცესში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირების კუთხით დაგეგმილ პროექტებს.

ალექსანდრე წულაძემ მადლობა გადაუხადა შანდორ პინტერს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ უნგრეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში არაერთი მასშტაბური საგანმანათლებლო პროგრამა  ხორციელდება.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ზოგადი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც 2023 წელს უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს გაფორმდა.

შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა მზაობა გამოხატეს პარტნიორობის გაძლიერების მიზნით და თანამშრომლობის გაფართოებისთვის სამომავლო გეგმები დასახეს. ალექსანდრე წულაძემ უნგრეთის დელეგაცია საქართველოში მოიწვია განათლების სფეროში საუკეთესო პრაქტიკისა და არსებული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

საქართველოს მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფებიან, სადაც საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა იმართება.