აკადემიკოსს, ენათმეცნიერსა და აღმოსავლეთმცოდნეს მზექალა შანიძეს 99 წელი შეუსრულდა.
ბიოგრაფიიდან:
ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი, მზექალა შანიძე
1953 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი“ (1990), „ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა“ (1992), „ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“ (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005).
1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა „ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში“. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები“, დაიცვა 1974 წელს. მზექალა შანიძე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
1996 წელს მიიღო ღირსების ორდენი, 1990 წელს კი აკაკი შანიძის სახელობის პრემია. 2021 წელს გადაეცა თამარ მეფის ორდენი „ქართველოლოგიის განვითარებაში, ძველი და ახალი ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის“. 2024 წელს მიენიჭა ილიას მედალი, „მარად და ყველაგან, საქართველო, მე ვარ შენთანა“ (საგურამოს პრემიის ფარგლებში), ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მილოცვა:
„ჩვენ უნდა დავძლიოთ წარსულის ზედმეტი იდეალიზაცია, წინ გახედვის უუნარობა, უნდა შევიძინოთ შრომის, აზროვნებისა და ქცევის კულტურა. ეს ყველაფერი პროგრესია“.
დღეს ჩვენს საამაყო უნივერსიტეტელს, აკადემიკოსს, ენათმეცნიერსა და აღმოსავლეთმცოდნეს მზექალა შანიძეს 98 წელი შეუსრულდა.
ქალბატონ მზექალას 1953 წლიდან დღემდე არ გაუწყვეტია აქტიური კავშირი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. აღზარდა და გზა გაუკვალა უამრავ ახალგაზრდას. მან სტუდენტთა მრავალი თაობის განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.
იგი არის ავტორი 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მისი კვლევის სფერო ფართოა, ფუნდამენტურობით გამორჩეული, არაერთი ენის მცოდნე მრავალმხრივი მკვლევარია.მზექალა შანიძემ მრავალწლიანი გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობით ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.იგი დღემდე ჩართულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ყველაფერი აინტერესებს, რაც ადამიანის, ენისა და ქვეყნის განვითარებას ეხება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ვულოცავთ ქალბატონ მზექალას დაბადების დღეს! ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს, მხნეობას, უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერებისთვის კვლავ ნაყოფიერ მოღვაწეობას - ნათქვამია თსუ-ის მისალოც წერილში.