განწყობა, რომ „შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“, ყოველთვის უნდა გვქონდეს, ვინაიდან არ უნდა ვკმაყოფილდებოდეთ იმ სარწმუნოებით, რაც გვაქვს, არამედ სულ უნდა ვზრუნავდეთ, გავიძლიეროთ ეს სარწმუნოება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
როგორც მეუფე შიომ თქვა, „უშრომელად არაფერი ხდება ამ ცხოვრებაში კარგი და დიადი, მით უმეტეს, შრომისა და ღვაწლის გარეშე შეუძლებელია სულის გადარჩენა. უფალი ამ შრომას აკურთხებს და შეგვეწევა ამ შრომისა და ღვაწლის გზაზე“.
„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დიდი მარხვის მეოთხე კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
დღევანდელ დღეს ეწოდება ღირსი იოანე კიბისაღმწერლის სახელი, იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ღვაწლი ჩვენს ეკლესიაში, მისი ნაშრომები.
ამასთან დაკავშირებით წაკითხული იყო სახარება მარხვისა და ლოცვის მნიშვნელობის თაობაზე. უფალ იესო ქრისტესთან მოდის ერთი კაცი, რომელსაც მოჰყავს თავისი ეშმაკეული შვილი და სთხოვს უფალს განკურნებას. უფალი იესო ქრისტე ეტყვის: „თუკი შეგიძლია, ირწმუნო, ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნისთვის“. აი, ეს შესანიშნავი გამონათქვამი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი როგორ გვანუგეშებს ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ყველაფერი შეუძლია მორწმუნეს, თუკი მას აქვს ეს რწმენა. რატომ? ვინაიდან ამ რწმენის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, უფლისგან გვეძლევა ეს კადნიერება, რომ თავად ცოცხალ ღმერთს მივმართოთ, ვესაუბროთ.
ეს კაცი უფალს კიდევ ასეთ სიტყვებს ეტყვის: „დიახ, უფალო, მწამს, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“. აი, ეს სიტყვებიც ბევრ რამეს გვიხსნის ჩვენ, ვინაიდან რწმენის ნაკლებობა ჰქონდა არამხოლოდ ამ ადამიანს, არამედ საერთოდ ყველა ადამიანს. ჩვენ ყველას გვაკლია რწმენა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შევძლებდით, მთები გადაგვედგა, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, თუ გვექნებოდა მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ასეთი რწმენა და ამიტომ უფალს უნდა ვევედროთ ამ რწმენის გაძლიერებისთვის.
ეს კაცი ისეთი გონიერი იყო, მიხვდა, რომ ისევ უფლისთვის უნდა მიემართა რწმენის მოპოვებისთვის და ეტყვის: „დიახ, მრწამს, მაგრამ შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“.
ჩვენც აქ, რა თქმა უნდა, მოსული ვართ რწმენით, ყველას გვაქვს სარწმუნოება გარკვეულ წილად, მაგრამ განწყობა, რომ „შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“ – ყოველთვის უნდა გვქონდეს, ვინაიდან არ უნდა ვკმაყოფილდებოდეთ იმ სარწმუნოებით, რაც გვაქვს, არამედ სულ უნდა ვზრუნავდეთ, გავიძლიეროთ ეს სარწმუნოება. და ჩვენ ამის შედეგსაც ვხედავთ, რომ უფალმა იესო ქრისტემ განკურნა ამ კაცის შვილი.
შემდეგ, მოციქულები ჰკითხავენ მაცხოვარს, ჩვენ რატომ ვერ განვკურნეთო. უფალი მიუგებს: „ვინაიდან ეს მოდგმა (გულისხმობს ბოროტი სულების მოდგმას), განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით”.
აი, რა ძალა აქვს, ძვირფასო ძმებო და დებო, მარხვას და ლოცვას.
წმინდა მამების სწავლებით, ლოცვას აქვს ორი მხარე, როგორც ორი ფრთა. ერთი არის მარხვა, ანუ თავშეკავება, იმიტომ რომ შეუძლებელია შენ რაიმე სთხოვო ღმერთს ადამიანმა, თუ ადამიანთა კრებულმა და არ ეცადო ცოდვების გამოსწორებას, განაგრძობდე ისევ ცოდვის ჩადენას. შეუძლებელია, რომ შენი ლოცვა იყოს წარმატებული ამ შემთხვევაში. და ასევე მეორე მხარე არის მოწყალება, ლმობიერება. თუ გინდა, რომ შენი ლოცვა შეისმინოს უფალმა, აუცილებლად უნდა გამოიჩინო ქმედითი სიყვარული ადამიანებისადმი, სიყვარული, ლმობიერება, თანაგრძნობა. აი, ეს ორი ფრთა არის ლოცვის, თუ გვინდა, რომ ჩვენი ლოცვა იყოს წარმატებული.
მაგრამ ხშირად ვხედავთ, რომ წარუმატებელია ჩვენი სულიერი ცხოვრება, ჩვენი ლოცვაც, რატომ? სწორედ იმიტომ, რომ გვაკლია ეს ყველაფერი. თავს არ ვიკავებთ ჩვენ ცოდვებისგან, ვნებებისგან, გაღიზიანებისგან, განკითხვისგან, მრისხანებისგან და სხვა ვნებებისგან, გვაკლია ასევე სიყვარულიც, ლმობიერებაც და სარწმუნოებაც, როგორც მოგახსენეთ. ამიტომ ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, გაგვიძლიეროს ეს სარწმუნოება და ეს რწმენაც უნდა ვთხოვოთ უფალს. და, საერთოდ, უნდა ჩვევაში შემოვიღოთ, რომ ღმერთს ყველაფერი ვთხოვოთ, ვინაიდან ღმერთი, როგორც მოსიყვარულე მამაა ჩვენი შემოქმედი, მას უხარია ჩვენთან კავშირი, ჩვენთან ურთიერთობა, როდესაც ჩვენ ღმერთს მივმართავთ, ისიც ხარობს, მზად არის, დაგვეხმაროს და შეგვეწიოს თავისი სიყვარულით, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში უშვებს ხოლმე უფალი ჩვენზე გარკვეულ განსაცდელებს, მძიმე გარემოებებს, აი, როგორც ამ სახარებისეულ კაცს შეემთხვა; მისი შვილი დაავადდა, მძიმედ ეშმაკეული გახდა, ბავშვობიდან სჭირს ესო, ხომ თქვა ამ კაცმა. უშვებს ზოგჯერ უფალი, ამასაც თავისი სიყვარულით აკეთებს, ჩვენივე სულის გადარჩენისთვის აკეთებს, იმისთვის, რომ ადამიანი მოაქციოს თავისკენ, რათა ადამიანმა გაიხსენოს, რომ ყველაფრით დამოკიდებულია ღმერთზე, რომ მიაპყროს თავისი მზერა ღმერთს. ხშირად ამ განსაცდელებით ხდება ხოლმე ეს ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამის გარეშე, ღმერთთან ამ კავშირის გარეშე, იმის გააზრების გარეშე, რომ ყველაფერი მისგან არის და მასზეა დამოკიდებული, არანაირი სულიერი ცხოვრება, სულის ცხონება და გადარჩენა არ ხდება. აი, დაახლოებით, როგორც ბავშვებს ვეპყრობით ხოლმე, როგორც მოსიყვარულე მშობლები, მაგრამ ზოგჯერ ბავშვებსაც სჭირდებათ ცოტა უფრო მეტი სიმკაცრე, არა? თუ არ შეისმენენ მშობლების შეგონებას, თუ მაინც ისე იქცევიან, რომ მშობელი ხედავს, რომ იგი დაღუპვის გზაზეა, გონიერი და მოსიყვარულე მშობელი აუცილებლად მიმართავს გარკვეულ სიმკაცრეს, რაღაცას მოაკლებს, დააკლებს, აუკრძალავს, თავის შვილს, ზოგჯერ უფრო კიდევ მკაცრ ზომებსაც მიმართავს ამ შვილისვე სასარგებლოდ. სხვათა შორის, მშვენივრად ესმით ხოლმე ეს ბავშვებს. თუ ეს კეთდება ბრძნულად, სიყვარულით, არა უხეშობით, არა სიხისტითა და სისასტიკით, ყოველთვის ბავშვი ამას გრძნობს და ასწორებს და მერე მთელი ცხოვრება მადლიერი რჩება.
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ასეთი სახარებაა დღეს. და ეს ორი დიდი მიმართულება, ორი დიდი ღვაწლი, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის მთელი ცხოვრების მოსაპოვებელი, მთელი ცხოვრების შრომა ჩვენი – მარხვა და ლოცვა, იმიტომ რომ უშრომელად არაფერი ხდება ამ ცხოვრებაში კარგი და დიადი, მით უმეტეს, შრომისა და ღვაწლის გარეშე შეუძლებელია სულის გადარჩენა. უფალი ამ შრომას აკურთხებს და შეგვეწევა ამ შრომისა და ღვაწლის გზაზე.
მაგრამ თუ ჩვენ მოვუძლურდით, შევასუსტეთ ჩვენი ღვაწლი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რწმენაც შესუსტდა. მაგრამ აქაც ჩვენი მანუგეშებელი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც უნდა ვევედროთ იმ სიტყვებით, რომლებიც დღეს წარმოთქვა ამ მწუხარებაში მყოფმა მამამ, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად უნდა დავიხსომოთ და გულში დავიმარხოთ: „მრწამს, უფალო, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“, ამინ!“,- განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.