სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თავისი ავტორიტეტით, დიდი სულიერებით, სიბრძნით მიაღწია იმას, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ჩვენ გადმოგვეცა ორი სიგელი, სადაც აღიარებულია ჩვენი ავტოკეფალია და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
„გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენ დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის ავტოკეფალიის სახით. ჩვენ კი აღვიდგინეთ უძველესი დროიდან მოპოვებული ავტოკეფალია, მაგრამ ამას ზოგად საეკლესიო დონეზე, კონსტანტინეს საპატრიარქოს მიერ დამოწმება სჭირდებოდა და ეს საშური საქმე ითავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, რომელმაც თავისი ავტორიტეტით, დიდი სულიერებით, სიბრძნით მიაღწია იმას, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ჩვენ გადმოგვეცა ორი სიგელი, სადაც აღიარებულია ჩვენი ავტოკეფალია და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული“, - განაცხადა მეუფე შიომ.