ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, აი, დადგა წუთები, როდესაც სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილიას ნეშტი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში განაცხადა.
მეუფე შიოს თქმით, განსაკუთრებული იყო ილია მეორის დამოკიდებულება სიონის ტაძრისადმი, აქ დაიწყო მისი 49-წლიანი საპატრიარქო, მოწამებრივი, შეიძლება ითქვას, სამოციქულო ღვაწლი და გზა.
„სწორედ ამ ტაძარში ჩაისახა მრავალი იდეა, რომელსაც ხორცი შეასხა შემდგომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას იმ სიწმინდეთა შორის, რომელთა მადლიც მუდამ სდევდა მისი უწმინდესობის მოღვაწეობას და იმ წმინდანთა შორის, იმ პატრიარქთა შორის, რომლებიც წმინდანად შეირაცხნენ მისი ინიციატივით და ღვაწლით. აი, ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის საკათედრო ტაძრისადმი, საპატრიარქო ტაძრისადმი, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ინება, დაკრძალულიყო სწორედ ამ წმინდა ტაძარში. დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციით, გრძნობებით, სიტყვებით. მგონი, ყველას გვინდა, რაღაც ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება. ალბათ კიდევ ერთი რამ, რაც უნდა ვთქვათ, შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას ყველაფრისთვის, რაც ისე ვერ შევასრულეთ, რაზეც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა და გვაკურთხებდა“, – განაცხადა მეუფე შიომ.








